გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი შემცირებულია და დაახლოებით ერთთვიანი მარაგი დარჩა. მისივე თქმით, პურზე არსებული ფასი ამ თვეში შენარჩუნდება, თუმცა გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ვითარება შესაძლოა, შეიცვალოს.
ამასთან, მისივე განცხადებით, საქართველო ხორბლით ამ ეტაპზე ძირითადად რუსეთიდან, ფქვილით კი, ყაზახეთიდან მარაგდება.
„ფაქტობრივად, ყაზახური ხორბალი გაძვირებულია დაახლოებით 10 დოლარით, თუმცა სტრატეგიები დღეს უფრო გადართულია არა იმაზე, რა ფასად შეიძლება, ხორბალი გვქონდეს, არამედ იმაზე, რომ მარაგის მხრივ, ხორბალი სახელმწიფოებს ჰქონდეთ. დადებითი ის არის, რომ ჩვენ პატარა ბაზარი გვაქვს და შეგვიძლია შემოტანა, თუმცა ფასის მხრივ მსოფლიო ტრენდს მივყვებით და ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. ევროკავშირის პირველი პირების შეკრებაზე პირველ საკითხად რუსეთ-უკრაინის ომის პრობლემებზე იყო საუბარი, მეორე საკითხად კი, სასურსათო უსაფრთხოებაზე. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მაღალი ფასებისთვის უნდა მოემზადოს. შესაბამისად, ეს არის ის გამოწვევა, რომელიც არასდროს ყოფილა მსოფლიოში, რადგან მსოფლიოს ხორბლის 30 პროცენტი რუსეთიდან და უკრაინიდან მიეწოდება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისივე განცხადებით, ამ თვეში გარკვეულწილად ფასები შენარჩუნებული იქნება, თუმცა მომავალში, პურის ფასთან მიმართებით მოსალოდნელია რყევები.
„იცით, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააანონსა, მომავალი სტრატეგიები დასახეს, რომ 50%-მდე უნდა ავიდეს ადგილობრივი ხორბლით უზრუნველყოფა. გასააქტიურებელია მუშაობა იმ მხრივ, რომ კონკურენტულ პირობებში ჩადგეს იმპორტირებულ ფქვილთან ადგილობრივი წისქვილკომბინატები. დღეს მსოფლიოში არაორდინალური ვითარებაა. ჩემი აზრით, საჭიროა, სტრატეგიულად ამას უფრო ფართოდ შეხედოს სახელმწიფომ, რადგან წისქვილის მუშაობა ნიშნავს სამუშაო ადგილებს. ეს ნიშნავს ბიუჯეტში შენატანებს, რადგან წისქვილი როცა მუშაობს, თვეში დაახლოებით 5-6 მილიონი შედის და რომც განვიხილოთ ის, რომ მეპურეებს გარკვეული სუბსიდირება დასჭირდეთ, მათ თვეში დაახლოებით სჭირდებათ 2-3 მილიონი. 5 მილიონის შეტანა და 2-3 მილიონის გამოყენება იმისთვის, რომ პურის ფასი დაბალანსდეს არის უფრო მეტად მომგებიანი სახელმწიფოსთვის, ვიდრე წისქვილების გაჩერება.
ყაზახეთიდან ამ თვეშიც იქნება საკმაოდ მცირე შემოსავალი. ეს ხორბლის მარაგებს ავსებს, თუმცა მცირე რაოდენობით. ფქვილი, რომელიც შემოდის, არ არის მარაგების სახით შემოსული. ეს არის პირდაპირ პურის ქარხნებში და გარკვეულწილად ორ კვირაში იხარჯება. ხორბლის მარაგები შემცირებულია და დაახლოებით ერთი თვის მარაგია. ასეთი სტრატეგიით მუშაობა დიდხანს ალბათ არ შეიძლება და რასაც ვამბობ, რომ მსოფლიომ სტრატეგიები შეცვალა, საქართველომ ამას ფეხი აუწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მათი სამუშაო არის თვითუზრუნველყოფის გაზრდა“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
ამასთან, ასოციაციის დირექტორის განცხადებით, სახელმწიფო ადგილობრივი ხორბლის მიღების გაზრდაზე იქნება ორიენტირებული.