მე ვადამდელ პროპორციულ არჩევნებზე ვფიქრობ - გიორგი ვაშაძე 

22:28 06-29-2019
50

გიორგი ვაშაძე პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილთა მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვს. ვაშაძის განცხადებით, დროზე უნდა შესრულდეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აქციის მოთხოვნა თავისთავად გაიზარდოს.

„დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობამ კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს გახარიას გადადგომას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ვინმეს ეგონა, რომ რაღაც მინელდა-მონელდა, ვფიქრობ, დღეს ამას პასუხი გაეცა. ეს არის ნერვების თამაში და მე ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“, რომ დროულად შესრულდეს მოთხოვნა, რადგან მოთხოვნები მართლა შეიძლება, გაიზარდოს, ეს თავისთავად შეიძლება მოხდეს. როგორც ხალხის მოთხოვნა, ისე წავიდეს, ამიტომ სჯობს, დროულად შეასრულონ ეს მოთხოვნები. მე ვადამდელ პროპორციულ არჩევნებზე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ამ კრიზისის პირობებში, ოღონდ ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვფიქრობ, ხალხის გამოძახილს ვნახავთ და იმის მიხედვით დადგება მოთხოვნები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.