„თიბისი“ ოფშორული კომპანიისგან 17 მილიონის დაბრუნებას ითხოვს და სასამართლოს მიმართავს?!

15:35 04-19-2019
119

„თიბისი ბანკმა“ სასამართლოს სარჩელით მიმართა და ოფშორულ კომპანიაზე გადამისამართლებული ცნობილი 17-მილიონიანი სესხის დაბრუნება მოითხოვა - ინფორმაციას ამის შესახებ „რეპორტიორი“ ავრცელებს.   

როგორც ცნობილია, „თიბისიდან“ ოფშორულ ანგარიშებში გადარიცხული 17 მილიონი დოლარის კანონიერების საკითხს პროკურატურა სწავლობს, ახლა კი თავად „თიბისის“ მსხვილი უცხოელი აქციონერები მიმართავენ სასამართლოს - ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ, რომელსაც ბანკის ტოპ-მენეჯერი პაატა ღაზაძე მართავს, აღნიშნული თანხა ბანკს დაუბრუნოს“, - ნათქვამია „რეპორტიორის“ სტატიაში, სადაც ასევე აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდა „თიბისი ბანკის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა ჯერ მამუკა ხაზარაძის პირად ანგარიშზე, შემდეგ კი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე, რომელიც 2017 წლის 3 აპრილს ისე დაიხურა, რომ ბანკისთვის მრავალმილიონიანი ვალი არ დაუბრუნებია, თუ არ ჩავთვლით 2012 წლის ნოემბერში (უკვე ახალი ხელისუფლების დროს) ჩარიცხულ 36 ათას დოლარს. სტატიაში ვკითხულობთ:

როგორ აღმოჩნდა საქმეში ოფშორული კომპანია და რეალურად ვინ დგას მის უკან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2007 წელს კომპანია „სამგორმა“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკიდან“ ისესხა თანხა, რომელიც იმავე დღეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასესხა.

ხაზარაძე–ჯაფარიძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვალი არ დაუბრუნებიათ, ანალოგიურად არც „სამგორს“ დაუფარავს ბანკიდან აღებული მრავალმილიონიანი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არაუზრუნველყოფილი სესხი.

2012 წელს „სამგორსა“ და ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია „Martello group“-ს შორის ფორმდება ორი ხელშეკრულება: ერთი ხელშეკრულების თანახმად, „სამგორი“ „Martello group“–ს უთმობს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებულ სასესხო მოთხოვნას, მეორე ხელშეკრულებით კი, „თიბისიში“ არსებულ მის სასესხო ვალდბულებას.

ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მამუკა ხაზარაძის 17-მილიონიანი ვალი მთლიანად ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ გადაიბარა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი თვით ადრე, კუნძულ სენტ-კიტსსა და ნევისზე დარეგისტრირდა და როგორც უკვე გითხარით, ისე დაიხურა, რომ „თიბისიში“ არსებული მრავალმილიონიანი სესხი არ გადაუხდია“, - წერს „რეპორტიორი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ბრიტანელი აქციონერები საქმეში გაერკვნენ და დარწმუნდნენ ეროვნული ბანკის და პროკურატურის პრეტენზიების ლეგიტიმურობაში, მიიღეს გადაწყვეტილება - აღიარონ დარღვევა, გადაიხადონ ჯარიმა, მმართველობიდან გაიყვანონ ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი. გამოცემა უცხოელი აქციონერების მოთხოვნას უკავშირებს ბანკის მეანაბრეებისა და აქციონერების კუთვნილი 17 მილიონი დოლარის ირგვლივ წამოწყებულ სასამართლო დავასაც.  

ჩვენი ინფორმაციით, ოფშორული კომპანიისგან სესხის ამოღების დავალება ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლონდონში, უშუალოდ მაჟორიტარი აქციონერებისგან მიიღო“, - წერს „რეპორტიორი“, რომელიც აღნიშნავს, რომ “თიბის ბანკში“ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

წყარო: რეპორტიორი