თუთიყუშები, რომლებიც ერთმანეთს ვიდეოზარით ურეკავენ, ნაკლებად მარტოსულები არიან - კვლევა

თუთიყუში

გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, თუთიყუშები, რომლებიც ერთმანეთთან ვიდეოზარით საუბრობენ, თავს ნაკლებად მარტოსულებად გრძნობენ. კვლევის ფარგლებში თუთიყუშებს სმარტფონები დაურიგეს, რომლითაც სხვა ფრინველებთან ვიდეოზარით დარეკვა შეეძლოთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

აღმოჩნდა, რომ მეგობრებთან ვიდეოზარით საუბრის შემდეგ თუთიყუშები უფრო სოციალურები გახდნენ, დღის განმავლობაში მეტს მღეროდნენ და თამაშის სურვილსაც უფრო აქტიურად ამჟღავნებდნენ.

„აშშ-ში ადამიანებთან ერთად სახლებში 20 მილიონზე მეტი თუთიყუში ცხოვრობს. ჩვენ იმის გაგება გვინდოდა, გაუჩნდებოდათ თუ არა ფრინველებს სურვილი, რომ სხვა თუთიყუშებთან ვიდეოზარით ესაუბრათ, თუ ამის საშუალებას მივცემდით. გვაინტერესებდა, აირჩევდნენ თუ არა ისინი ამ შესაძლებლობას და რა სარგებელს მოუტანდა ვიდეოზარით საუბარი თუთიყუშებსა და მათ პატრონებს", - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.

კვლევის ფარგლებში 18 თუთიყუშს 1000-ზე მეტის საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. თუთიყუშების ბევრი სახეობა დიდ ჯგუფებად ცხოვრობს, მოშინაურებული თუთიყუშები კი უმეტესად დროს მარტო ატარებენ. იზოლაციამ და მოწყენილობამ თუთიყუშს ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება განუვითაროს, რაც მოუსვენრობითა და თვითდაზიანების სურვილით გამოიხატება.

ვიდეოზარით სხვა თუთიყუშებთან საუბარს კი ნაწილობრივ იგივე სარგებელი ჰქონდა, რაც დიდ ჯგუფთან ერთად ცხოვრებას.

„ზოგი მღეროდა, ზოგი თავდაყირა ტრიალებდა, ზოგს კი სურდა, სათამაშოები ვიდეოზარით სხვა თუთიყუშისთვის ეჩვენებინა", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.

კვლევის პერიოდში თუთიყუშებმა ეკრანზე მეგობარი ფრინველების ფოტოზე შეხება და მათთან დარეკვა ისწავლეს. ლაპარაკის დროს კი კვლევაში თუთიყუშების პატრონების აქტიურად ჩაერთნენ, რომლებიც ფრინველებს აკვირდებოდნენ და მათ ქცევას დეტალურად აღწერდნენ.