ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
ადამიანები, რომლებიც ხშირად ეწევიან სისხლის დონაციას, ალტრუიზმის სასიამოვნო განცდის გარდა, შეიძლება სისხლის ჯანმრთელი უჯრედების წარმოქმნის უნარსაც იუმჯობესებდნენ; ეს კი პოტენციურად ამცირებს სისხლის კიბოს განვითარების რისკს.
ლონდონის ფრანცის კრიკის ინსტიტუტის მკვლევრებმა შეისწავლეს გენეტიკური მონაცემები სისხლის უჯრედებისა, რომლებიც 217 გერმანელ კაცს ეკუთვნოდა; მათი ასაკი 60-დან 72 წლამდე იყო და სისხლი 100-ზე მეტჯერ ჰქონდათ გაღებული. ასევე შეისწავლეს ნიმუშები იმავე ასაკის 212 კაცისა, რომლებსაც სისხლი 10-ჯერ ან უფრო ნაკლებად ჰქონდათ გაღებული. ასე დაადგინეს, რომ ხშირ დონორებს უფრო მეტად ჰქონდათ სისხლის უჯრედები, რომლებსაც გარკვეული მუტაციები ჰქონდათ გენში, სახელად DNMT3A.
ამ სხვაობათა შესასწავლად, ჯგუფმა გენური ინჟინერიით დაამუშავა ადამიანის სისხლის ღეროვანი უჯრედები (რომლებისგანაც წარმოიქმნება სისხლის ყველა უჯრედი) — დაამატეს ეს მუტაციები და ლაბორატორიის თეფშებზე არამოდიფიცირებულ უჯრედებთან ერთად განათავსეს. სისხლის დონაციის ეფექტების მისაბაძად, ზოგიერთ თეფშზე ასევე დაამატეს ჰორმონი EPO, რომელსაც სხეული სისხლის დაკარგვის შემდეგ გამოუმუშავებს.
ერთი თვის შემდეგ, ხშირი დონორობის მუტაციათა მქონე უჯრედები 50 პროცენტით ჩქარა გაიზარდნენ, ვიდრე ამ მუტაციათა არმქონენი, მაგრამ მხოლოდ იმ თეფშებზე, რომლებიც ჰორმონ EPO-ს შეიცავდა. ამ ჰორმონის გარეშე, ორივე ტიპის უჯრედები ერთნაირი მაჩვენებლით იზრდებოდნენ.
„ეს იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის ყოველი დონაციისას, სისტემაში ზრდით ჰორმონ EPO-ს რაოდენობას, რაც ხელს უწყობს DNMT3A მუტაციათა მქონე უჯრედების ზრდას“, — ამბობს კვლევის ავტორი ექტორ უერგა ენსაბო.
იმის დასადგენად, სასარგებლოა თუ არა სისხლის უჯრედებში უფრო მეტი ამ მუტაციის ქონა, ჯგუფმა ისინი შეურია უჯრედებს, რომლებსაც ლეიკემიის რისკის მომატების მუტაციები ჰქონდათ; კვლავ დადგინდა, რომ EPO-ს არსებობის შემთხვევაში, ხშირი დონორების უჯრედები ზრდაში მნიშვნელოვნად აჭარბებდნენ სხვებს და უკეთესად შეეძლოთ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა. ენსაბოს განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ DNMT3A მუტაციები სასარგებლოა და შეიძლება თრგუნავდნენ კიბოს უჯრედთა ზრდას.
„როგორც ჩანს, სისხლის დონაცია უზრუნველყოფს სელექციურ წნეხს, რათა გაძლიერდეს თქვენი ღეროვანი უჯრედების სიჯანსაღე და შევსების უნარი. შეიძლება არა მხოლოდ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ, არამედ გააძლიეროთ საკუთარი სისხლის სისტემის სიჯანსაღეც“, — აღნიშნავს ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარი ეშ ტოი.
მკვლევართა განცხადებით, ამ ყველაფრის დასადასტურებლად შემდეგი კვლევებია საჭირო, რადგან ლაბორატორიული ექსპერიმენტები სხეულში მიმდინარე ამბების ძლიერ გამარტივებულ სურათს ხატავს.
კვლევა ჟურნალ blood-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა.