გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ყველას მსგავსად, სხვებთან და საკუთარ თავთან კომუნიკაცია სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც შეუძლიათ, თანაც არაერთი გზით. არ არსებობს ერთი კონკრეტული ჟესტური ენა ან მოდალობა, რომელსაც ფიქრისას ყველა სმენადაქვეითებული ადამიანი იყენებს. ადამიანის ფიქრის ბუნებას არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად: რა ასაკში წაერთვა/შეუსუსტდა მას სმენა ან აქვს თუ არა შინაგანი მონოლოგი.
ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა არაა გამოქვეყნებული, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მაინც არსებობს. პროფესორმა ბენსი ვოლმა, ჟესტური ენის ლინგვისტმა (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი), საკითხი შემდეგნაირად ახსნა:
„იმ ადამიანის ფიქრი, რომელიც სმენის გარეშე დაიბადა, მისთვის ნაცნობ ენებზე იქნება დამოკიდებული. ზოგჯერ სმენადაქვეითებული ბავშვები თავისთვის ისევე მღერიან, როგორც ნორმალური ბავშვები ესაუბრებიან საკუთარ თავს".
სრულად სმენადაქვეითებული ზოგი ადამიანი არა ხმით, არამედ გამოსახულებებით ფიქრობს, ანუ ფიქრებს ჟესტების, დაწერილი სიტყვების ან სურათების სახით წარმოიდგენს. საკუთარი ფიქრების დეტალურად წარმოდგენა მათაც შეუძლიათ, უბრალოდ ამას განსხვავებულად აკეთებენ.
სმენის გარეშე დაბადებული ადამიანები, დიდი ალბათობით, ვერ მიხვდებიან, როგორ ჟღერს მეტყველება; მეორე მხრივ, ამაზე წარმოდგენა ექნებათ მათ, ვინც სმენა თავიდან ჰქონდათ და მოგვიანებით დაკარგეს. შესაბამისად, ზოგიერთი სმენადაქვეითებული ადამიანი შეიძლება ვიზუალების, ხმის ან ორივეს გამოყენებით ფიქრობდეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსოფლიოში დაახლოებით 300 ჟესტური ენა არსებობს. შესაბამისად, სწორედ კონკრეტულ ენაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ჟესტებს წარმოიდგენს ფიქრისას სმენადაქვეითებული ადამიანი.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კვლევებმა აჩვენა, რომ ჟესტური ენის გამოყენებით ფიქრი ტვინის მარცხენა ქვედა შუბლის ქერქს ააქტიურებს. სწორედ ეს რეგიონი აქტიურდება მაშინაც, როცა ნორმალური სმენის მქონე ადამიანები იყენებენ სიტყვებს შინაგანი მონოლოგისთვის.
„ეს მიანიშნებს, რომ ჟესტური ენითა და სამეტყველო ენით ფიქრს ერთი და იგივე უბნები მართავს", - დაასკვნეს მეცნიერებმა 1997 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში.
1970-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოკლევადიან მეხსიერებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჟესტების წარმოდგენას სასიცოცხლო როლი აქვს. ზუსტად ასევეა შინაგანი, უხმო, მეტყველება ნორმალური სმენის მქონე ადამიანებისთვის.
ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ყველა ნორმალური სმენის მქონე ადამიანი ვერბალურად, ანუ სიტყვების გამოყენებით, ფიქრობს. უკვე ფართოდ ცნობილია, რომ ზოგს შინაგანი მონოლოგი არ აქვს, ანუ მათი ფიქრები ჩუმია და მხოლოდ გამოსახულებებისგან ან სხვა აბსტრაქტული იდეებისგან შედგება.
უცნობია, რამდენად ხშირია ეს ფენომენი სმენადაქვეითებულ ადამიანებში; დაუზუსტებელია ისიც, ახასიათებთ თუ არა მათ ეს იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც — ნორმალური სმენის მქონე ადამიანებს.
ზოგიერთ ადამიანს აფანტაზია აქვს, ანუ გონებაში არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია. როგორც ჩანს, სმენადაქვეითებულებში აფანტაზიის კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. შესაბამისად, ისიც უცნობია, როგორ შეიძლება ფიქრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არც ხმის წარმოდგენა შეუძლიათ და არც გამოსახულებების.
საბოლოო ჯამში, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ფიქრობდეს სმენადაქვეითებული ადამიანი.