პროდუქტები, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს ამცირებენ - კვლევა

ბოსტნეული

მცენარეულ საკვებს ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი აქვს; მაგალითად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მაღალი არტერიული წნევისა და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკებს. ხილისა და ბოსტნეულის რეგულარულად ჭამამ შეიძლება ასევე შეამციროს ზოგიერთი ტიპის კიბოს განვითარების რისკიც.

აშშ-ში 79 952 მამაკაცზე ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოსტნეულით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით, პარკოსნებით, თხილეულითა და თესლებით მდიდარი კვების რაციონი დაკავშირებულია კოლორექტული კიბოს (მსხვილი და სწორი ნაწლავის) 22 პროცენტით ნაკლებ რისკთან, ვიდრე იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც მცირე ოდენობით მცენარეულ საკვებს მიირთმევენ. კვლევა BMC Medicine-ში გამოქვეყნდა.

კვლევა მხოლოდ დაკვირვებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რატომ არის ზოგიერთი საკვები დაკავშირებული ნაწლავის უკეთეს ჯანმრთელობასთან. თუმცა, აქვთ გარკვეული მოსაზრებები.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ცხოველური საკვების, დაფქული მარცვლეულისა და შაქრის ზოგადი შემცირება შეძლება სარგებლის მომტანი იყოს სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის.

საინტერესოა, მაგრამ აშშ-ში, 93 475 ქალის მონაცემებში, მკვლევრებმა ვერ მიაგნეს ვერანაირ კავშირს მცენარეულ საკვებსა და კოლორექტულ კიბოებს შორის.

„ვვარაუდობთ, რომ ხილში, ბოსტნეულსა და მთლიან მარცვლეულში არსებული ანტიოქსიდანტები ხელს უნდა უწყობდეს კოლორექტული კიბოს რისკის შემცირებას, რადგან თრგუნავს ქრონიკულ ანთებას, რაც კიბოს გამომწვევია“, — განმარტავს სამხრეთ კორეის კიონჰის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯი კიმი.

მისი განცხადებით, რადგან კოლორექტული კიბოს რისკები მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში, ისინი ვარაუდობენ, რომ სწორედ ამან შეიძლება ახსნას, რატომ არის დიდი ოდენობით ჯანსაღი მცენარეული საკვები დაკავშირებული კოლორექტული კიბოს რისკის შემცირებასთან კაცებში, მაგრამ არა ქალებში.

ზოგადად, ქალები კაცებზე მეტ მცენარეულ საკვებს მოიხმარენ და ამიტომ, მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა შეიძლება აუცილებლად არ ნიშნავდეს კიბოსგან დაცვის რაიმე შესამჩნევად ზრდას. ქალების ამ კონკრეტულ კოჰორტას მცენარეული საკვებისგან სარგებელი შეიძლება უკვე მიღებული ჰქონდა.

წყარო: