მზის აქტივობა, შესაძლოა, გულის შეტევის რისკს ზრდიდეს - კვლევა

მზის აქტივობა - გულის შეტევა

ახალი კვლევის მიხედვით, მზის აქტივობით გამოწვეული გეომაგნიტური დარღვევები შესაძლოა ადამიანებში გულის შეტევის რისკის ზრდასთან იყოს დაკავშირებული. აღნიშნული ნაშრომი ამ თემაზე არსებული მზარდი მტკიცებულებების ნაწილია.

დაახლოებით ერთი წლის წინ NASA-მ განაცხადა, რომ მზემ თავისი 11-წლიანი ციკლის აქტივობის პიკს მიაღწია. ასტროფიზიკური პერსპექტივიდან ეს ფაქტი მზის უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მზის შტორმებისა და უჩვეულო პოლარული ნათებების შესახებ უფრო ხშირად გვესმის.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრებმა გეომაგნიტურ დარღვევებსა და გულს-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის შესაძლო მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მიაგნეს.

გუნდი ძირითადად მიოკარდიუმის ინფარქტზე კონცენტრირდებოდა, რომელიც უფრო ფართოდ გულის შეტევის სახელითაა ცნობილი. მათ სან ხოსე დოს კამპოსის მუნიციპალიტეტის საჯარო ჯანდაცვის სისტემიდან 1998-2005 წლების სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს, რაც მზის 23-ე ციკლის უმეტეს ნაწილს მოიცავს.

ჯამში მათ გულის შეტევით ჰოსპიტალიზაციის 1 340 შემთხვევა გააანალიზეს და თარიღები იმ დროს დაფიქსირებულ გეომაგნიტურ აქტივობას შეადარეს.

როგორც ავტორები აღნიშნავენ ზოგიერთი დასკვნა მიოკარდიუმის ინფარქტზე უკვე კარგად ცნობილ ტენდენციებს ემთხვეოდა. მათ დაადგინეს, რომ გულის შეტევით უფრო მეტი კაცი დაზარალდა, ვიდრე ქალი, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსგავსი იყო.

საინტერესოა, რომ გეომაგნიტური აქტივობის მონაცემებმა უჩვეულო კორელაცია გამოავლინა. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მაშინ როდესაც გეომაგნიტური დარღვევები ფიქსირდებოდა, პარალელურად გულის შეტევით ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებიც იზრდებოდა.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მათი დასკვნები საბოლოო არ არის, რადგან ისინი მხოლოდ ერთი რეგიონიდანაა. ამის მიუხედავად, საინტერესოა მათი ნაშრომის ბოლო წლების სხვა კვლევების კონტექსტში განხილვა.

2018 წელს საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ გულისცემის ცვალებადობა (HRV) გეომაგნიტური დარღვევების საპასუხოდ იცვლებოდა. ზოგადად, მაღალი HRV ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ავტონომიური ნერვული სისტემა გარემო პირობებზე კარგად რეაგირებს.

2023 წლის კვლევამ დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან მიღებული მონაცემები გეომაგნიტური არასტაბილურობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კორელაციის შესაფასებლად შეისწავლა. მონაცემები 1996 წლიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავდა. მეცნიერები წერდნენ, რომ მათი დასკვნებით გეომაგნიტური ველის ინტენსივობის მატებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის დადებითი კორელაცია შეინიშნებოდა. ამის მიუხედავად, ისინიც დამატებითი კვლევების მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს.

ამ თემის გარშემო ინფორმაციის ნაკლებობა აშკარად შეინიშნება, რადგან ყველა ნაშრომი სამომავლო კვლევებისკენ მოგვიწოდებს. ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, იწვევს თუ არა მზის შტორმები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ამჟამად HRV-ის მონაცემები შემდგომი ძიებისთვის უბრალოდ პერსპექტიულ ამოსავალ წერტილად შეგვიძლია გამოვიყენოთ.