The Wall Street Journal: ტრამპს ილონ მასკთან დაკავშირებით მოთმინება ეწურება
1749101216
სელაპები გასაოცარი ძუძუმწოვრები არიან. მათ სხეული იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ წყალში ღრმად ჩაყვინთონ და საკმაოდ მკაცრ პირობებს გადაურჩნენ. მაგალითად, ოკეანის ისეთ გარემოში არიან, სადაც ძალიან მცირე სინათლე აღწევს. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი ნავიგაციას.
ამის გასაგებად მეცნიერებმა უჩვეულო გზა მოიფიქრეს: სელაპებს სპეციალური ვიდეოთამაში ათამაშეს. მიზანი იმის დადგენა იყო, თუ როგორ გადაადგილდებიან ეს ფარფლფეხიანი არსებები ბნელ, ღრმა წყალში, სადაც ქვიშის მარცვლები ან ფიტოპლანქტონებია გაბნეული — ისინი ასეთი ნაწილაკების მოძრაობას ეყრდნობიან თუ სხვა შეგრძნებებს?
მკვლევრებმა ექსპერიმენტში ჩვეულებრივი სელაპები (Phoca vitulina) ჩართეს: ნიკი, ლუკა და მირო. მეცნიერებმა სამი კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს: პირველში ღია ზღვა იყო ნაჩვენები, რომელშიც ნაწილაკები თითქოს სელაპებს გვერდით უვლიდა; მეორეში ფსკერის პირობებში ეს წერტილები მათკენ მოძრაობდა; მესამეში წყლის ზედაპირზე ნაწილაკები ძუძუმწოვრების თავის პირისპირ, სიბრტყეზე იყო განაწილებული.
სელაპები თითოეულ სიმულაციას დიდ ეკრანზე უყურებდნენ. მათ სხვადასხვა მხარეს განთავსებულ წითელ ბურთზე შეხებით უნდა ენიშნებინათ, რომელ მხარეს ეგონათ, რომ გადაადგილდებოდნენ. სწორად გამოცნობისას ისინი საკვების სახით ჯილდოს იღებდნენ
ნიკსა და ლუკას ასეთ ექსპერიმენტში მანამდეც ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული, ამიტომ დავალება სწრაფად შეასრულეს, მიროს კი თამაშში გასარკვევად მეტი დრო დასჭირდა. ამის მიუხედავად, მან წესები დაიმახსოვრა და თავისი თანამოძმეების მსგავსი შედეგები აჩვენა.
გაირკვა, რომ თუნდაც ძალიან დაბალი ხილვადობის სიმულირებულ წყალში ისინი მიმართულების გამოსაცნობად მოძრავ წერტილებს ეყრდნობოდნენ. არჩევა დიდი სიზუსტით გამოსდიოდათ — ადამიანებსა და მაკაკებზე კარგად არა, მაგრამ მაინც შესამჩნევი წარმატებით.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს მოსალოდნელიცაა, რადგან სელაპები ცოცხალი არსებები არიან და არა რობოტები, ამიტომ მოტივაცია და სხვა ფაქტორები მათთვის მნიშვნელოვანია. ავტორები სხვა ექსპერიმენტების ჩატარებასაც აპირებენ, რომლებშიც ზღვის დინებებიც იქნება გათვალისწინებული.