მეცნიერებმა რობოტებისთვის თვითაღდგენადი ხელოვნური კანი შექმნეს

რობოტები

სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა რობოტებისთვის მრავალშრიანი ელექტრონული კანი შექმნეს, რომლის სხვადასხვა ფენაც დაზიანებისას სწორი განლაგებით აღდგენას ახერხებს. ამით ის ნამდვილ ბიოლოგიურ ქსოვილს ემსგავსება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„ეს წინ გადადგმული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის კანის მსგავსი მასალისკენ, რომელსაც მრავალი შრე აქვს და აღდგენის პროცესში სწორად ლაგდება", - აცხადებენ ავტორები.

ამ თხელ სენსორს თერმული, მექანიკური და ელექტრული ცვლილებების დაფიქსირება შეუძლია, მათ შორის ზეწოლის. სპეციალისტთა თქმით, ის რბილი და წელვადია, გახვრეტისას ან გაჭრისას კი საერთო ფუნქციებს ინარჩუნებს.

აღნიშნულ მასალას აღსადგენად სულ რაღაც 24 საათი სჭირდება, თუკი 70°C ტემპერატურის პირობებში მოვათავსებთ. სახლის ტემპერატურაზე ეს პროცესი დაახლოებით 1 კვირა გრძელდება. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ მიღწევის წყალობით ისეთი „რბილი რობოტების" შექმნა შეიძლება, რომლებიც ფორმას იცვლის.

ავტორები გეგმავენ, რომ ეს ხელოვნური კანი ნამდვილს უფრო მეტად მიამსგავსონ და მის ფენებს სხვადასხვა ფუნქცია მიანიჭონ. მაგალითად, ერთ შრეს ტემპერატურის მიმართ მგრძნობელობა, მეორეს - ზეწოლის მიმართ და ა.შ.