ხელი „ადამსების ოჯახიდან“ რეალობა გახდა

ხელი „ადამსების ოჯახიდან“ რეალობა გახდა

თუ გაინტერესებთ, როგორი იქნება მომავალი, პასუხს რობოტიკის კომპანია Open Bionics გაგცემთ - Hero PRO წარადგინა, პირველი უსადენო ბიონიკური ხელის მტევანი ამპუტირებული კიდურების მქონე პირებისთვის. ასე კი მათ კონტროლის, მოძრაობისა თუ დამოუკიდებლობის სრულიად ახალი დონე შესთავაზა, ინვაზიური ოპერაციებისა და იმპლანტირებადი ჩიპების გარეშე. 

ჩაშენებული აპარატურის ნაცვლად, Hero PRO MyoPods-ს იყენებს - უსადენო ელექტრომიოგრაფიის (EMG) სენსორებს, რომლებიც კუნთების სიგნალებს მომხმარებლის ხელიდან კითხულობს. შემდგომში ეს სიგნალები ხელისა და მაჯის ზუსტ მოძრაობებად გარდაიქმნება, რაც მფლობელს უფრო ინტუიციურად აძლევს მოჭიდების, მოხრის, ბრუნვისა თუ სხვა ქმედებების საშუალებას. 

მაჯის არე 360 გრადუსით ბრუნავს, წყალგაუმტარია IPX7-ის სტანდარტის შესაბამისად და საკმარისად მსუბუქია - სწორედ ეს მახასიათებლები გამოარჩევს მანამდე არსებული პროთეზებისგან.

 

 

ბიონიკური ხელის მტევნის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი დეტალი მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირებაა, ანუ მაშინ, როცა მფლობელს ხელზე არ აქვს დამაგრებული, რითაც Thing-საც გვაგონებს „ადამსების ოჯახიდან“… ამაში კი 19 წლის ინფლუენსერი ტილი ლოქი თქვენც დაგარწმუნებთ: 

 

 

3D ტექნიკით მიღებული სტრუქტურის გამოყენებით შექმნილი Hero PRO შესამჩნევად სწრაფი და ძლიერია, რასაც ვერ ვიტყვით მანამდე არსებულ ბიონიკურ მკლავებზე. თუ Open Bionics-ს დავუჯერებთ, ორჯერ უფრო ძლიერი და სწრაფია, სხვა წამყვან მოდელებთან შედარებით. წყალგაუმტარი დიზაინი კი დამცავი საფარის საჭიროებას გამორიცხავს ხელის დაბანის, ცურვის ან სხვა მსგავსი აქტივობების დროს, რაც მომხმარებლებს მეტ თავისუფლებას სთავაზობს დამატებითი სირთულეების გარეშე.

რა თქმა უნდა, Hero PRO ერთ დღეში არ შექმნილა, ამას 4 წელი და 2.5 მილიონი დასჭირდა კვლევებისა თუ სატესტო მოდელებისთვის. მართალია, დიზაინი ახალია, მაგრამ მისია იგივე რჩება - გააუმჯობესოს ყოველდღიური ცხოვრება ტექნოლოგიების საშუალებით…