„სიცოცხლეში ვერ აიხდინა სურვილი...“ - რას წერს ქეთი ქველაძე დედაზე
1744798919
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შავი წერტილები დააფიქსირეს კანაფის მომხმარებელთა ტვინის იმ რეგიონში, რომელიც შიზოფრენიასთანაა დაკავშირებული. ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო დასტური იყოს იმისა, რომ მარიხუანის ჭარბად გამოყენება ფსიქოზს იწვევს.
საქმე ისაა, რომ მსგავსი მუქი არეალები ნეირომელანინის სახელით ცნობილი პიგმენტის გავლენით ჩნდება. ის მაშინ წარმოიქმნება, როცა ჰორმონ დოფამინის დონე ძალიან იზრდება. ეს უკანასკნელი არის მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერი, რომელიც განწყობის, მოტივაციისა და კოგნიტიური ფუნქციების რეგულაციაში გვეხმარება. ამის გამო მისი ბალანსის დარღვევა სხვადასხვა მენტალურ მდგომარეობასთანაა ასოცირებული.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანებს ტვინის დორსალურ ზოლიან სხეულში დოფამინის მაღალი დონე აღენიშნებათ. ის იქ შავი ნივთიერებისა (SN) და ვენტრალური საფარველის (VTA) ნეირონების მეშვეობით ხვდება. მარიხუანის გამოყენებასა და ფსიქოზს შორის კავშირის შესასწავლად სპეციალისტებმა კანაფის მომხმარებლებში სწორედ ტვინის ეს რეგიონები გამოიკვლიეს და ყურადღება დოფამინზე გაამახვილეს. ისინი ორგანოს ნეირომელანინისადმი მგრძნობიარე მაგნიტურ-რეზონანსული აპარატით დააკვირდნენ.
კვლევაში 61 ადამიანი ჩაერთო, რომელთაგანაც 25-ს კანაფზე დამოკიდებულების დიაგნოზი ჰქონდა დასმული. SN-სა VTA-ს ფსიქოსთან დაკავშირებულ სპეციფიკურ რეგიონებში მკვლევრებმა დოზით განსაზღვრული ნეირომელანინის გაზრდილი რაოდენობა შენიშნეს. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტ მარიხუანას მოიხმარს ადამიანი, მით უფრო დიდი ასეთი შავი არეალები ჩნდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ მარიხუანის ჭარბად მოხმარების შემთხვევაში მსგავსი წერტილები უფრო მუქია, ვიდრე იმავე ასაკის ჯანმრთელ ინდივიდებში. ეს დოფამინის მაღალ დონეზე მიუთითებს და ისეთ პიგმენტაციას იწვევს, როგორიც, წესით, 10 წლით უფროს ადამიანში გვხვდება. მართალია, ამგვარი კავშირი ყველა ცდისპირში დაფიქსირდა, მაგრამ ყველაზე მკაფიო ის იმ პირებში იყო, რომლებსაც ფსიქოზი უკვე გამოცდილი ჰქონდათ.
"ახლა ჩვენს ხელთაა კანაფის მოხმარებასა და ფსიქოზს/დოფამინს შორის გავლებული პირდაპირი ხაზის დასტური, რომელიც აქამდე არ გამოკვეთილა. მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა, პაციენტებმა და ოჯახებმა ეს ხაზი ერთად დაანგრიონ", — აცხადებენ ავტორები.
ნაშრომი გამოცემაში JAMA Psychiatry გამოქვეყნდა, რომელიც პორტალმა on.ge-მ მოამზადა.