ისტორიაში პირველად, ჰიდროგელით შექმნილი სასქესო ორგანო სრულფასოვნად ფუნქციონირებს - კურდღლებზე ჩატარებული ცდები წარმატებული აღმოჩნდა

კურდღელი

ჩინეთის, იაპონიისა და აშშ-ს მკვლევართა ჯგუფმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ორგანოების 3D ბეჭდვაში. ეს ბიოინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული, მაგრამ რთული გამოწვევაა. მეცნიერებმა ჰიდროგელის გამოყენებით ქსოვილი შექმნეს, რომელიც შემდეგ სასქესო ორგანოს დაზიანების მქონე კურდღლებსა და ღორებს გადაუნერგეს. ამის შემდეგ მათ რამდენიმე კვირაში შეძლეს დაწყვილება და გამრავლება.

ორგანოს ბეჭდვისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სისხლძარღვებს უკავშირდებოდა. უჯრედებს ფუნქციონირებისათვის სისხლი, ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ესაჭიროება. როდესაც საქმე პენისს ეხება, სისხლძარღვოვან ქსელს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს. კერძოდ, სისხლი კავერნოზულ სხეულში გროვდება, შედეგად კი ერექცია ვითარდება.

მეცნიერთა მოდელი შემდეგი ძირითადი სტრუქტურებით იყო დაკომპლექტებული: კავერნოზული და სპონგიოზური სხეულები, შარდსადენი არხი და ასევე გარსი, რომელიც ამ ყველაფერს ფარავს. მკვლევრებმა შეძლეს, შესაძლო დეფექტები ინ ვიტრო, ანუ ლაბორატორიულ პირობებშივე, შეესწავლათ, ცხოველებისა თუ ადამიანების გარეშე. ისინი ძირითადად ერექციულ დისფუნქციასა და პეირონის დაავადებას აკვირდებოდნენ — მდგომარეობას, რომლის დროსაც პენისის კანქვეშ ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება და მტკივნეულ ერექციას იწვევს.

ჰიდროგელის მოდელის დახმარებით იმის დემონსტრირება შეძლეს, თუ როგორ მიედინება სისხლი კავერნოზულ სხეულებში და როგორ ასრულებს კავერნოზული სინუსები სარქველის როლს. სარქველი სისხლის მიმოქცევას აჩერებს, რაც ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

გუნდმა ორგანოს სხვა ვერსიაც შექმნა ღორებისა და კურდღლებისთვის გადასანერგად. მათ კავერნოზული სხეულების მოდელი შეიმუშავეს, რომელშიც ენდოთელური უჯრედები იყო მოთავსებული — უჯრედები, რომლებიც სისხლძარღვების შიდა ზედაპირს ფარავს. მისი გადანერგვიდან რამდენიმე კვირაში ცხოველებს ერექციული ფუნქცია აღუდგათ და გამრავლებაც შეძლეს.

"ეს აღმოჩენები პოტენციურ გზებს უსვამს ხაზს, თუ როგორ შეიძლება ბიომიმეტიკური კავერნოზული სხეულის გამოყენება პენისის დაზიანების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ეს კვლევა 3D ბეჭდვით შექმნილი, ხელოვნური ქსოვილის მქონე, ორგანოების მოხმარებას შეუწყობს ხელს კლინიკურ პრაქტიკაში", — აღნიშნავენ ავტორები მოდელის შესახებ გამოქვეყნებულ ნაშრომში.

ცნობისთვის, მასაჩუსეტის კვლევის მიხედვით, რომლითაც კაცების დაბერება შეისწავლეს, 40-იდან 70 წლამდე ადამიანების ნახევარზე მეტი მსუბუქიდან საშუალომდე დონის ერექციულ დისფუნქციას განიცდის. ამ მოდელის ადამიანებზე მორგებული ვერსია შეიძლება სამომავლოდ ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაგვეხმაროს.

ნაშრომი გამოცემაში Nature Biomedical Engineering გამოქვეყნდა, რომელიც პორტალმა on.next-ge-მ თარგმნა