ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
გვარი – ბურდილაძე
სახელი – სპარტაკი
დაბადების წელი – 1957
ოჯახური მდგომარეობა – ცოლშვილიანი
საქმიანობა – „კანონიერი ქურდი“, 15 წლის ასაკიდან - ეს გახლავთ ანკეტური მონაცემები, რომელიც მასზე შედგენილ „საქმეებში” ეწერა. იყო დრო, როდესაც მისი სახელისა და გვარის ხსენება შიშის ზარს სცემდა ადამიანებს, თუმცა რაიონში ის ბევრს უყვარდა და თავის მფარველად ეგულებოდა.
როგორც თავად გვიამბობდა, მისი გულის დასაპყრობად ულამაზესი ქალები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო მოსამართლე, რომელმაც მას ათწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა და მისი ადვოკატები…
ინტერვიუ 16 წლის წინაა ჩაწერილი.
ამ პუბლიკაციით არ ვცდილობთ ქურდული სამყაროს პროპაგანდას. პირიქით, გვსურს, სწორედ მათ ნაკლოვანებებზე გავამახვილოთ ყურადღება და გავავლოთ ზღვარი დღევანდელ და მაშინდელ ყოფას შორის, მკითხველს დავანახოთ ქურდულიი მენტალიტეტის მანკიერი მხარეები. განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ შეცდომებს ნანობდა კიდეც.
მისი თავგადასავალი და ხიფათით სავსე ცხოვრება კი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო და უჩვეულოა. ჩვენს საუბარს იმ ამბის გახსენებით დავიწყებთ, თუ როგორ მოხვდა ის შავ სამყაროში და როგორ „მონათლეს” ქურდად.
– მოჭიდავე ვიყავი. 14 წლისა გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ჭაბუკებს შორის. დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, ჩემ შესახებ გაზეთებში წერდნენ… სკოლაშიც, მერვე კლასამდე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. შემდეგ სწავლაზე გული ავიცრუე და მთელ დღეს ქუჩაში ვატარებდი. ახლაც ხშირად მახსენდება ერთი ბებერი ქურდის სიტყვები. მას არაქურდად ტოვებდნენ და ასეთი რამ თქვა: მე კაცობა და ქურდული გაგება ქუჩამ მომცა და არა – ქურდებმა, თქვენ ვერ წამართმევთ იმას, რაც არ მოგიციათო… მეც სწორედ ასე დამემართა.
წნორში არის რკინიგზის სადგური, რომელსაც რამდენიმე საწყობი ჰქონდა. იქ ინახებოდა აზერბაიჯანიდან შემოსული საქონელი, სამშენებლო მასალები და ათასი რამ. ყველა თავისთვის ჩალიჩობდა – ზოგი იპარავდა, ზოგიც იმ საწყობში მუშაობდა… ერთ საღამოს, კარგად შებინდებული იყო, როდესაც მე და ჩემი ორი მეგობარი სადგურზე დავხეტიალებდით და ერთ-ერთი საწყობიდან ხმამაღალი ლაპარაკი შემოგვესმა. შევედით. ერთი კაცი სამს ედავებოდა და ჟარგონით ელაპარაკებოდა. სამიდან ერთ-ერთი, ამ საწყობის დარაჯი გახლდათ და კარგად ვიცნობდით. ბიჭებმა თქვეს, მივეხმაროთო, მაგრამ საწყობში რომ შევედით, რატომღაც მე იმის მხარეზე დავდექი, ვინც მარტო იყო. ბოლოს, ამ კაცმა იარაღი ამოიღო, ერთ-ერთს შუბლზე მიადო და უთხრა: ახლა სიცოცხლეს გჩუქნით, მაგრამ სხვა დროს გზაზე აღარ გადამეყაროთ, თქვენ რომ იცოდეთ, ვინ ვარ, შიშით სული გაგძვრებოდათო. შემდეგ მხარზე ხელი გადამხვია და გარეთ გამიყვანა. მეგობრებიც გამომყვნენ. ამ კაცმა თვალებში ჩამხედა და მკითხა:
– იცი, ვინ ვარო? – მხრები ავიჩეჩე. – ზიმა გაგიგია? ზიმა ვარო. – ლამის გავგიჟდი: ამ კაცის სახელით გვაშინებდნენ ხოლმე ბავშვებს. ქურდი იყო და მთელ საქართველოს აზანზარებდა. სამივე რესტორანში წაგვიყვანა. სუფრასთან დავსხედით. ოფიციანტს უთხრა:
– პურმარილი გაგვიშალე და თან 500 მანეთი მოაყოლეო. ყველანი თითის წვერებზე დადიოდნენ და ცდილობდნენ, არაფერი ეწყენინებინათ მისთვის. მაშინ უფრო დავრწმუნდი, რომ ეს კაცი მართლა ზიმა იყო. სამ-სამი ჭიქა ღვინო დაგვალევინა. თან გვკითხა – ვინ უნდა გახდეთ, რომ გაიზრდებითო? ბიჭებმა რაღაც უაზრო პასუხი გასცეს.
– ქურდი უნდა გავხდე-მეთქი, – ვუთხარი, რადგან ამ კაცის მეშინოდა და მინდოდა, მესიამოვნებინა, რომ არაფერი დაეშავებინა ჩვენთვის. ჩემი პასუხი ძალზე მოეწონა. მაშინ 14 წლისა ვიყავი და საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი. რესტორნიდან რომ გამოვდიოდით, მომსახურე პერსონალს ჩემზე მიუთითა და უთხრა:
– ეს ბიჭი როცა მოვა, კაცურად დახვდით და მისი ხარჯი ჩემს ანგარიშზე დაწერეთო… ზიმა სოფელ ანაგაში ცხოვრობდა. სამივენი თავისთან წაგვიყვანა. მის მეზობლად მოხუცი კაცი ცხოვრობდა. ქურდი არ იყო, მაგრამ “ნასროკალი” და დიდი უბედური ვინმე გახლდათ. სწორედ იმ კაცს დაუძახა:
– პატარა ქურდები მყავს მოყვანილი და მოდიო… ის თოფით წამოგვადგა თავზე, თან გვაგინებს, თან გვეკითხება:
– აბა, მითხარით, ქურდი რას ნიშნავსო? ბიჭების პასუხები არ მოეწონა და სულ გინებ-გინებით აქცია ზურგი. ბოლოს, მე მომიბრუნდა. გონება გამალებით მიმუშავებდა, მინდოდა, სხარტად ისეთი პასუხი გამეცა, რომ არ შეეგინებინა.
– ქურდი ის არის, მილიციონერებს დედას რომ უტირებს-მეთქი, – ვუპასუხე. ჩემი პასუხი მოეწონა.
– სად სწავლობო? – მკითხა.
– სკოლაში დავდივარ, მე-8 კლასში, მაგრამ გაკვეთილებს იშვიათად ვესწრები-მეთქი.
ეს პასუხიც მოეწონა და მან და ზიმამ ერთმანეთს გადაულაპარაკეს: – ამისგან შესაძლოა, რაიმე გამოვიდესო… იმ ღამით იქ დაგვტოვეს. დილით რომ ავდექი, აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრები გაპარულიყვნენ, მე კი არც გამაღვიძეს. ვიცოდი, ოჯახი შეშფოთებული იქნებოდა, ღამე შინ რომ არ გავათიე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ზიმასთან მთელი ათი დღე დავრჩი. სადაც მიდიოდა, თან დავყავდი. ყველა სურვილს მისრულებდა. მაღაზიაში შემიყვანდა, რაც მინდოდა, ყიდულობდა, თან გამყიდველს აფრთხილებდა:
– ეს ბიჭი რომ შემოვა, უარი არაფერზე უთხრათ, ფულს მე ვიხდიო…
უზომოდ კმაყოფილი ვიყავი. მომწონდა, რომ მისი ყველას ეშინოდა, მე კი ასე მმფარველობდა. მის გვერდით გავატარე თითქმის ერთ წელზე მეტი… 15 წლის რომ გავხდი, ავიჩემე, – ქურდობა მინდა-მეთქი. მანამდე საქმეებზე დავდიოდი, ვიპარავდი. თუ ქურდთან ერთად არ იყავი საქმეზე ნამყოფი, ისე ქურდი ვერ გახდებოდი. მე კი ეს პრობლემა არ მქონდა. ზიმა შეშფოთდა, არ უნდოდა, რომ 18 წლამდე ქურდი გავმხდარიყავი, რადგან თუ დამიჭერდნენ, არასრულწლოვნებში, ე.წ. “მალალეტკებში” მოვხვდებოდი – ეს კი საშინელი ზონა იყო. იქ მოხვედრილ ბიჭებს “აფუჭებდნენ” – გათიშავდნენ და ხელზე წითელ სამკლავურს უკეთებდნენ, ქურდებს აგინებინებდნენ. ამის შემდეგ ქურდი ვეღარ გახდებოდი. მე კი, ქურდი რომ გავმხდარიყავი და შემდეგ ზონაში გავეფუჭებინე, ეს დიდი სირცხვილი იქნებოდა, როგორც ჩემი, ისე ზიმასი და დანარჩენი ქურდების. სწორედ ამ მიზეზით მეუბნებოდა უარს ჩემი მფარველი. არ დავიშალე და მაინც ჩემი გავიტანე. ერთ დღეს, თბილისში ჩამოვედით. ზიმამ რამდენიმე გავლენიანი ავტორიტეტი შეკრიბა და გამოუცხადა:
– ეს ბიჭი ქურდი უნდა გახდესო.
ქურდებმა შუბლი შეიჭმუხნეს.
– ცოდოა, ტანითაც პატარაა, რომ დაიჭირონ, რა ვქნათ? ქურდის სახელით რომ იქნება და დაიჭირონ, ხომ იცი, ავჭალაში (ბავშვთა კოლონიაში. – ავტ.) რას უზამენო?..
ზიმამ თავის თავზე აიღო ყველა ჩემი პრობლემის მოგვარება. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, დამიწყეს გამოკითხვა, შემოწმება. ერთ-ერთმა უეცრად ხელი ამიქნია. ჯიქურ შევხედე თვალებში. ეს მოეწონათ. კითხვებზეც კარგად ვუპასუხე. ხანდახან, თუ რაიმე შემეშლებოდა, ზიმა ფეხზე ფეხს მაჭერდა და მანიშნებდა, რომ დაფიქრებით გამეცა პასუხი. ბოლოს მითხრეს, ქურდი ხარო. თან დამარიგეს:
– თუ გინდა, 18 წლამდე ნუ იტყვი, რა იცი, რა ხდებაო.
– არ მეშინია-მეთქი, – ვუპასუხე.
წინ დამიდეს დანა და პისტოლეტი და აირჩიეო. დანა ავირჩიე…
მთელ კახეთს წამში მოედო ჩემი ქურდად “მონათვლის” ამბავი. უკან რომ ვბრუნდებოდით, ყველა რაიონში გვხვდებოდნენ ქურდები და პურმარილზე გვეპატიჟებოდნენ. მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მანქანაში უკანა სავარძელზე ვიწექი და მეძინა.
ზიმა ეუბნებოდა:
– ბავშვი დაღლილია, სხვა დროს აღვნიშნოთ ეს ამბავიო. ისინი ფულის დასტებს მიყრიდნენ მანქანაში და ამით ჩემ მიმართ პატივისცემას და მათ წრეში მიღებას უსვამდნენ ხაზს. აი, ასე გავხდი ქურდი. ამის შემდეგ საცხოვრებლად ზიმასთან გადავბარგდი. სკოლაში საერთოდ აღარ დავდიოდი. თუმცა, რამდენჯერმე დამიჭირეს მილიციელებმა და სკოლაში ძალით მიმიყვანეს. წარმოგიდგენიათ? ქურდი ხარ და გაკვეთილზე ზიხარ, როგორია?.. ზიმა მომაკითხავდა ხოლმე, მეც სკოლიდან ვიპარებოდი და ძველებურ ცხოვრებას ვაგრძელებდი. არც მშობლების პროტესტს ვაქცევდი ყურადღებას…
ფული რომ გამიჩნდა, მოვინდომე, ყველანაირი ცხოვრებისეული სიამე განმეცადა. დავიწყე წამლის კეთება. სიმართლე რომ გითხრათ, თვითონ ნარკოტიკების გამსაღებლებმა შემიწყვეს ხელი და „წამალზე დამსვეს”. რადგან მაშინ არც ერთი ქურდი არ კაიფობდა, ისინი ეძებდნენ დასაყრდენსა და მფარველს. ჩემი საშუალებით კი, იოლად იპოვეს გამოსავალი: წამალს მაძლევდნენ, მე კი ვმფარველობდი. ჩემი შიშით ვერავინ “აგდებდა” ფულში და ვერც ზედმეტ სიტყვას ჰკადრებდა. ჩემი განარკომანების ამბავი ქურდების ყურამდე მივიდა. დამიბარეს “სხადნიაკზე” და გამაფრთხილეს:
– თუ კიდევ შეგნიშნავთ, რომ კაიფში იქნები, არაქურდად დაგტოვებთო. განაგრძეთ კითხვა