ილონ მასკის განცხადებით, SpaceX-ის პრიორიტეტი მთვარეზე თვითმყოფადი ქალაქის მშენებლობა ხდება

ილონ მასკი

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა 10 წელზე ნაკლებ დროში აშენდეს. რაც შეეხება მარსს, მასკის განმარტებით, ამ იდეის განხორციელებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.

„SpaceX-მა უკვე გადაიტანა აქცენტი მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან ჩვენ პოტენციურად შეგვიძლია ამას 10 წელზე ნაკლებ დროში მივაღწიოთ, მაშინ როცა მარსისთვის 20 წელზე მეტი იქნებოდა საჭირო“, - განმარტა მასკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პლანეტები ერთ ხაზზე სწორდებიან (ყოველ 26 თვეში ერთხელ), მაშინ როცა მთვარეზე გაფრენა „ყოველ 10 დღეში“ არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, მარსამდე „მგზავრობის დრო“ 6 თვეს შეადგენს, მთვარემდე კი 2 დღეს.

„მიუხედავად ამისა, SpaceX ასევე შეეცდება ქალაქის აშენებას მარსზე და ამას დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს, თუმცა მთავარი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მთვარე უფრო სწრაფი ვარიანტია“, - წერს მასკი.