გველებისგან 100-ზე მეტჯერ დაკბენილი კაცის ანტისხეულებით შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

გველები

მეცნიერებმა "ზეიმუნური" ადამიანის ანტისხეულების გამოყენებით ისეთი შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი მიიღეს, რომელსაც ყველაზე საშიში ქვეწარმავლების ტოქსინებისგან დაცვა შეუძლია. მათ შორისაა შავი მამბა, სამეფო კობრა და ვეფხვისებრი გველი. მკვლევრებმა ცდები თაგვებზე ჩაატარეს და თავიანთი ნაშრომი გამოცემაში Cellგამოაქვეყნეს.

ახალი თაობის შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი, შესაძლოა, უნივერსალურ სამკურნალო საშუალებად იქცეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი შრატები საუკუნეზე მეტია, თითქმის ერთნაირად იქმნება — ანტისხეულებით, რომლებიც ერთი სახეობის გველის მიერ დაკბენილი ცხვრის ან ცხენის ორგანიზმში გამომუშავდა. ის ხშირად ადამიანებში იმუნურ რეაქციებს იწვევს, თანაც მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში გავრცელებული კონკრეტული ქვეწარმავლების ტოქსინების წინააღმდეგ მოქმედებს.

უკეთესი ეფექტის ძიებაში მეცნიერები გველების ნეიროტოქსინების მიმართ განსაკუთრებულად იმუნურ ადამიანს გადააწყდნენ. თითქმის 18 წლის განმავლობაში მას 16 საშიში სახეობის ქვეწარმავლებმა 100-ზე მეტჯერ უკბინეს. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ კაცი თვითიმუნიზაციას მიმართავდა, რის შედეგადაც ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული ნეიროტოქსინის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდა. 

მეცნიერებმა ასპიტისებრი გველების ყველაზე საშიში 19 სახეობა გამოყვეს და დონორის სისხლიდან მათ ნეიროტოქსინებთან რეაქციაში შესული ანტისხეულები განაცალკევეს. შემდეგ ისინი თითოეული სახეობის გესლით მოწამლულ თაგვებზე გამოცადეს და, საბოლოოდ, შხამსაწინააღმდეგო "კოქტეილი" შექმნეს .

ის ძალიან ცოტა კომპონენტს საჭიროებს: ორი ტიპის ანტისხეულებსა და მცირე ზომის მოლეკულა ვარესპლადიბს, რომელიც ტოქსინების ინჰიბიტორია. პირველი ტიპის ანტისხეულს LNX-D09 ეწოდება და მან თაგვები 6 საშიში გველის მომაკვდინებელი შხამისგან დაიცვა, ინჰიბიტორმა კი — დამატებით 3 სახეობისგან. მეორე ანტისხეულმა, SNX-B03-მა, დანარჩენი ქვეწარმავლებიც მოიცვა. შრატმა 19 მათგანიდან 13-ის წინააღმდეგ სრული დაცვა უზრუნველყო, ხოლო სხვების მიმართ — ნაწილობრივი.

მეცნიერები მეოთხე კომპონენტის დამატებასაც განიხილავენ, მაგრამ ახალი შხამსაწინააღმდეგო პრეპარატი ამჟამინდელი სახითაც ეფექტიანია. მის გამოცდას ავსტრალიის ვეტერინარულ კლინიკებში მიყვანილ, გველის მიერ დაკბენილ ძაღლებზე აპირებენ. ასევე სურთ, რომ გველგესლების შხამის გამანეიტრალებელი საშუალებაც შექმნან ან ცალკე, ან ასპიტისებრებთან ერთ კოქტეილში გააერთიანონ.

წყარო