Exclusive: რა ეღირება რობოტი, რომელიც ადამიანებს ჩაანაცვლებს - ქართველების უნიკალური წამოწყება

მეგი ქავთარაძე

ერთ-ერთი მზარდი მიმართულება ტექნოლოგიების სფეროში, რობოტების ინდუსტრია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შიშს იწვევს, ფიქრობენ, რომ ერთ დღესაც ადამიანებს ჩაანაცვლებენ და ყველაფერი თავდაყირა დადგება. თუმცა მეცნიერული თვალსაზრისით, კომპანიები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ, ცდილობენ, ადამიანებს შეუმსუბუქონ ყოველდღიური საქმეები და ყოველდღიური ცხოვრება გაუხალისონ.

„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ 26 წლის გოგოს, რომელმაც ამერიკაში Destiny Robotics დააფუძნა, რომელიც დღესდღეობით ფლორიდაში ფუნქციონირებს და საერთაშორისო საზოგადოებას უდიდეს ტექნოლოგიურ ცვლილებებს სთავაზობს.

ძნელი წარმოსადგენია, რომ გამორჩეულად ნაზი გარეგნობის მქონე გოგოს ბავშვობიდან ყველა სათამაშოს დაშლა და შემდეგ ისევ აწყობს უყვარდა. ამბობს, რომ ეს თვისება დღემდე გამოჰყვა.

მეგი ქავთარაძე: რობოტზე მუშაობა პანდემიის დროს დავიწყე, მაშინ ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. ყველაფერი ჩაკეტილი იყო, არაფერი მუშაობდა. მაშინ ყველანაირ კურსს გავდიოდი. ზუსტად ამ პერიოდში პანდემიის დროს გავიაზრე, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად აკლიათ სოციალური ინტერაქცია, თავს გრძნობენ მარტო. ეს რომ გადავაფასე, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ პანდემიის პერიოდში არ ხდება. ყველა ადამიანს ცხოვრებაში მარტოობის პრობლემა უდგება და ზოგადად, მუდმივი კომუნიკაცია სჭირდება, რომ ინტელექტუალური სტიმულირება მოხდეს და მისი ბედნიერების დონე რაც შეიძლება გაიზარდოს.

სახლში მარტო ვიყავი, შესაძლებლობა მქონდა, რომ საქართველოში ჩემს ოჯახთან ერთად მეკონტაქტა. მოგეხსენებათ, დროში დიდი სხვაობაა. აქ  ადამიანები ფიზიკურად შეხვედრისგან თავს იკავებდნენ და ლოგიკურიც იყო, პანდემიიდან გამომდინარე.

ამაზონ ალექსას (Amazon–ის ჭკვიანი სპიკერი) ვტესტავდი, ვესაუბრებოდი, რა შეეძლო გაეკეთებინა, ამ დროს დამებადა იდეა, რომ ძალიან მაგარი იქნებოდა, თუ მსგავსი ტიპის პროდუქტი გამოვიდოდა ადამიანური რობოტის სახით. ამაზონ ალექსას ჰქონდა ყუთის ფორმა და მივხვდი, რომ თუ ადამიანს სურს რაღაც სახის უფრო ღრმა კავშირი მიიღოს, სასურველია, ეს იყოს ადამიანური ფორმის.

აქედან გამომდინარე, დავიწყე რობოტის კონცეფციაზე მუშაობა. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, ადამიანებს, რომელთაც ბიზნეს გამოცდილებიდან ვიცნობდი და მყავდა შეძენილი. ისინი ძალიან დაინტერესდნენ და შევკარით გუნდი, დავიწყეთ კვლევაზე მუშაობა. გამოვიკვლიეთ ბაზრის პერსპექტივები, რა ტექნოლოგია არსებობდა დღემდე და რისთვის უნდა მიგვეღწია. დავიწყეთ მოძიება გვყავდა თუ არა კონკურენტები ბაზარზე და როგორ უნდა მომხდარიყო ჩვენი პროექტის ფორმულირება, რომ ყოფილიყო განსხვავებული და უნიკალური.

მუშაობის პროცესში ოფიციალურად დავაფუძნე კომპანია და ჩვენს პირველ პროტოტიპზე დავიწყეთ მუშაობა. პირველად შევქმენით ჰოლოგრამის პროდუქტი - არსებობს მოწყობილობა, რომლისგანაც ამოდის და გესაუბრება, ეს იყო უბრალოდ იმ მიზნით, თუ რამდენად მუშაობდა. თუმცა ძირითადი პროდუქტი, რაზეც ჩემმა კომპანიამ დაიწყო მუშაობა, იყო ადამიანური ტიპის რობოტი, რომლის პროტოტიპირება ამჟამად მიმდინარეობს. 

 - რა ფუნქციებს შეითავსებს რობოტი?

რობოტის მთავარი იდეა არის, რომ ემოციური მხარდაჭერა გაუწიოს ადამიანს. მისი ფუნქციები იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების კონტროლი. მაგალითად, როგორ მიიღოს ადამიანმა წამალი, რას მიაქციოს ყურადღება. იქნება მედიტაციური პროგრამები, რომელსაც რობოტი ჩაუტარებს ადამიანს. მოგეხსენებათ, მედიტაცია ყოველდღიური სტრესის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი სარგებელი აქვს. ბავშვების მოვლაში დახმარებას მოიცავს, ბავშვები რობოტისგან არა მარტო სახალისო გამოცდილებას მიიღებენ, მათ გაუჩნდებათ უფრო მეტი ინტერესი ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ მთელი მსოფლიოს განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს.

იქნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები - რობოტი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. მას ექნება განსაკუთრებული სენსორები, იმ შემთხვევაში, თუ სახლში ხანძრის ან უცხო ადამიანის შემოჭრის საშიშროება, რობოტი ამას აღმოაჩენს და მოხდება მფლობელის ინფორმირება. ასევე, შეიძლება კრიზისის მენეჯერი ვუწოდოთ. Smart Home-ის შესახებ გსმენიათ, რობოტში ჭკვიანი სახლის კონცეფცია იქნება ჩაშენებული. ოჯახს ყოველდღიური საქმიანობის შემამსუბუქებელი ნაწილი შეემატება. ასევე, საინტერესოა მისი ფსიქოლოგიური თერაპიის ნაწილი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მედიტაციას, არამედ გარკვეული დიალოგების წარმართვას ადამიანთან ერთად და მისთვის დახმარებას. როდესაც ადამიანი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, რობოტი შეძლებს დაიმახსოვროს, რა ხასიათზე იყო, ამის მიხედვით შეძლებს, რომ ადამიანს გაესაუბროს და ისეთი კითხვები დაუსვას, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარ თავში გააცნობიეროს ბევრი რამ და გადალახოს ბევრი პრობლემა.

კიდევ ძალიან საინტერესოა გართობის, ჰობების ნაწილი. მუსიკის ჩართვა და ა.შ. ბოლოს სახლის საქმეებსაც შეითავსებს - იმის ნაცვლად, რომ სახლში 10 სხვადასხვა პატარა რობოტი ვიყიდოთ, ჩაანაცვლებს ერთი უნივერსალური რობოტი, რომელიც იქნება როგორც ჩვენი მეგობარი და ფსიქოლოგიური პარტნიორი, ასევე სახლის საქმეებში დაეხმარება ადამიანებს და მოსაწყენ ყოველდღიურობას შეუმსუბუქებს. 

- როდის იქნება მზად და ვისთვის იქნება რობოტი ხელმისაწვდომი?

ნამდვილად რთული პროექტია, ადვილი არ არის. ბევრი დეტალია საჭირო, ტრენინგი გასავლელი. რობოტი არ იქნება ძალიან ძვირი, მაგრამ არც ძალიან იაფი. პირველადი ფასი, რასაც ვვარაუდობთ, 7-დან 10 000 დოლარის ფარგლებში იქნება, მაგრამ როდესაც მასობრივ პროდუქციაზე გადავა, დაახლოებით, 3 000- 3 400 დოლარი ეღირება. ყველა ადამიანს შეეძლება რობოტის გამოყენება, ეს არ იქნება მხოლოდ განსაკუთრებული მატერიალური შესაძლებლობებისთვის გათვლილი. იმიტომ, რომ გვინდა ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები მივცეთ.

ვიმედოვნებ, მომავალი წლის ბოლოს მზად იქნება, ვინაიდან ძალიან ბევრ ტესტირებას მოითხოვს და დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული. მცირე დროში, დაახლოებით, მოზიდული გვაქვს 160 000-ზე მეტი. ჩვენი გეგმაა, პირველ რაუნდში 5 მილიონ დოლარამდე მოვიზიდოთ. 

- ვინ არიან თქვენს გუნდში?

გუნდში ბევრი ქართველი წარმატებული გვყავს - გიორგიმ „ტესლასგან“ ოფერი მიიღო, გვყავს პროფესორი, ქალბატონი ლელა, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში ასწავლიდა. გვყავს ერეკლე, რომელიც მუშაობს „ჰუავეიში“, ის ამჟამად გერმანიაში იმყოფება. ასევე გვყავს ირაკლი, რომელიც სხვადასხვა წამყვან კომპანიაში მუშაობდა. გვყავს ამერიკელი ჯეისონი, რომელიც ამერიკის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

მთელი ეს ინტელექტუალური ცოდნა ბიზნესის თუ ტექნოლოგიების მიმართულებით თავმოყრილია და მრავალფეროვანი, ერთმანეთს ავსებს. დაბალანსებული გუნდის საშუალებით დავიწყეთ იდეაზე მუშაობა, რომელზეც ბევრი მეუბნებოდა, რომ იყო ამბიციური. ჩემი აზრით, ამბიცია იმდენად არ იყო, რამდენადაც სურვილი, რომ მსგავსი პროდუქტი შემექმნა. 

- ტექნოლოგიებისადმი ინტერესი როდის გაგიჩნდათ?

ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ტექნოლოგიები და არა მხოლოდ, მექანიკური საკითხებიც. ყველა სათამაშოს, რასაც მჩუქნიდნენ, ვშლიდი თავიდან ბოლომდე და ვაწყობდი. ეს თვისება დღემდე შემორჩენილი მაქვს. უნდა ვიცოდე, რა ხდება იმის შიგნით. სხვათაშორის, Iphone ვერ დავშალე, მაგრამ ბევრი რამ დამიშლია.

მიუხედავად ამისა, რომ ტექნოლოგიებით ძალიან დაინტერესებული ვიყავი, ინტერესის მეორე სფერო საერთაშორისო ურთიერთობები, დიპლომატია იყო. პროფესიად მაინც ეს ავირჩიე. როდესაც ვესაუბრებოდი ადამიანებს, ვიღებდი რჩევებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვაბარებდი, ამბობდნენ, რომ ძალიან მასკულანური სივრცეა, ქალს აქ დამკვიდრება უჭირს, საქართველოში, ასევე ამერიკაში არის, რომ ქალს უწევს უფრო მეტად ამტკიცოს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობები და კაცზე მეტი იშრომოს. ამიტომ წავედი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ვინაიდან ეს ძალიან მაინტერესებდა.

ამერიკაში რომ ჩავედი, პანდემიის დროს ხელოვნური ინტელექტის კურსებზე დავიწყე სიარული, მანამდე ტექნოლოგიურ კომპანიაში მქონდა მუშაობის გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობდი, ძირითადად, ტექნოლოგიური მიმართულებებით მიწევდა მუშაობა. აბსოლუტურად თვითნასწავლი თემებით მოვედი აქამდე. დავუკავშირდი ძალიან ძლიერ ინჟინრებს, რომლებიც დღეს ჩემს გუნდში არიან. რა თქმა უნდა, მე ვერკვევი ტექნოლოგიაში, მაგრამ ვაკეთებ ბიზნესის გეგმის ფორმულირებას, მის განვითარებას, მარკეტინგს, ინვესტიციების მოზიდვას.

- როგორ აღმოჩნდი ამერიკაში?  

კვლევით ნაშრომებს ვწერდი. ერთ-ერთი კონფერენცია ჰარვარდის უნივერსიტეტში იმართებოდა, მეგობარს ჩემი კვლევა გავუგზავნე და არ ველოდებოდი, რომ მიმიწვევდნენ, რადგან ყველა ვინც იქ მონაწილეობდა, პროფესორი იყო. მე მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და უბრალოდ თავი მოვსინჯე. საბოლოოდ, ჰარვარდში ჩემი თემის წარსადგენად მიმიწვიეს. ჩავედი ამერიკაში, აქ ბიძაშვილი მყავდა და გარკვეული პერიოდი მასთან ვრჩებოდი. კონფერენციის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკში ბევრი კვლევითი შესაძლებლობა გამომიჩნდა, რომელზეც ჩავერთე ძალიან წარმატებულ სტუდენტებთან ერთად. გადავწყვიტე დარჩენა და პანდემიაც დაიწყო, რადგან საქართველოშიც ცუდი სიტუაცია იყო, ფრენებზე შეზღუდვა და ა.შ. ამ პერიოდში დამებადა იდეა და დავიწყე პროექტზე მუშაობა. წელს მაგისტრატურას ვასრულებ და ვგეგმავ, რომ აქაც გავაგრძელო, ოღონდ ბიზნეს მიმართულებით საქმიანობა.

იყო ასეთი ისტორია - ერთ-ერთ ადამიანს პროექტზე ვესაუბრებოდი და მან ფორბსში მიმიწვია. ღონისძიებას Twitter-ის მაშინდელი დირექტორი ჯეკ დორსი, აღმოვჩნდი Vip-სექციაში, კონფერენციის ნაწილზე და მომაწოდეს მიკროფონი, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების გავლენაზე უნდა მესაუბრა. ამან ძალიან საინტერესო გამოხმაურება გამოიწვია. ჩავთვალე, რომ აქ ჩემი მომავლის, კარიერული განვითარების, განათლების და დიდი გამოცდილების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შეიძლებოდა მეპოვა. 

დღეს არის რობოტი, რა იქნება ხვალ?

რა თქმა უნდა, ჩვენი პროექტი მხოლოდ რობოტით არ შემოიფარგლება. ჩვენ ამის ფარგლებში რამდენიმე ქვე-პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რასაც ახლა არა, მაგრამ ძალიან მალე დავაანონსებ. 24 მაისს მაიამიში გვაქვს კონფერენცია, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ მომავალი ტექნოლოგიური ჰაბი შეიძლება გახდეს. შესაბამისად, ეს შესაძლებლობაც დავიჭირეთ და დავაორგანიზეთ. 

- წარმატებული კარიერის ფონზე, რა ხდება პირად ცხოვრებაში?

მყავს შეყვარებული, არჩილ ჭეიშვილი, რომელიც არის ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ბაკალავრიის ხარისხი მიიღო ეკონომიკური მიმართულებით. მან დააფუძნა ხელოვნური ინტელექტის კომპანია, მისი გავლენა ჩემთვის ძალიან ინსპირაციული იყო თავიდანვე, როდესაც 2018 წელს ერთმანეთი გავიცანით.

ისე მოხდა, რომ ამერიკაში ერთმანეთს კვლავ დავუკავშირდით და შესაბამისად, აქედან ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდა ყველაფერი. ერთმანეთს ძალიან დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ძალიან დამეხმარა საინტერესო რჩევებით. მრჩევლის როლი აქვს ჩემს კომპანიაში. მისი კომპანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოღვაწეობს, ხოლო ჩემი რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ძალიან საინტერესო კომბინაცია აღმოჩნდა. თითქმის ერთ სფეროში ვართ და შევძელით, რომ კომპანიების პარტნიორობამდეც კი მიგვეღწია. მაგალითად, ჩემს კომპანიას ხელოვნური ინტელექტის მოდელები სჭირდებოდა, რომელსაც რობოტისთვის გამოიყენებდა და ამას აქტიურად ვახორციელებთ ახლა. კომპანიებს შორის მემორანდუმიც გავაფორმებთ.

რაც შეეხება საქმიან მხარეს, ძალიან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, რაც შეეხება სასიყვარულოს, ძალიან რომანტიკული, საინტერესო ურთიერთობა გვაქვს და ძალიან ბედნიერები ვართ. მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიპოვე. ჩემთვის დიდი მენტორი აღმოჩნდა. ყველაფრისთვის მადლიერი ვარ.