1732737464
ექიმებმა კანის ყველაზე პატარა სიმსივნე დააფიქსირეს
ექიმებმა დააფიქსირეს კანის სიმსივნე, რომელიც იმდენად პატარაა, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია. ამ წარმონაქმნის ზომა სულ რაღაც 0.65 მილიმეტრია და სპეციალისტთა მიერ აქამდე გამოვლენილ მელანომებს შორის ყველაზე პატარაა, რის გამოც ეს გინესის რეკორდად აღიარეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
პაციენტ კრისტი სტაატსს გაუმართლა, რადგან მის კანზე გაჩენილი სიმსივნური უჯრედები დერმატოლოგმა ალექსანდრ ვიცოვსკიმ დროულად, ადრეულ ეტაპზევე შენიშნა, სანამ ისინი გავრცელებას დაიწყებდა.
"მჯერა, რომ სათანადო ტექნოლოგიის წყალობით ყველას შეიძლება ჩემსავით გაუმართლოს. თუ მათ ჩემს მელანომას ასეთ ადრეულ ეტაპზე მიაგნეს, ესე იგი ამ ტექნოლოგიით სხვა ადამიანების დახმარების მხრივ ბარიერი არ არსებობს", - აცხადებს კრისტი.
პაციენტის კანზე არსებული წარმონაქმნი ვიცოვსკიმ დერმატოსკოპთან, ანუ გამადიდებელი შუშის ეფექტის მქონე ხელსაწყოსთან ერთად, კონფოკალური მიკროსკოპით გამოიკვლია, რომელიც ოპტიკური გამოსახულების გადაღების არაინვაზიური მეთოდია. შედეგად დასმული მიკრომელანომას დიაგნოზი მეცნიერებმა და სხვა ექიმებმა ბიოფსიით დაადასტურეს.
ქრისტი სტაატსი სამედიცინო დაწესებულებაში სულ სხვა წანაზარდის გამოსაკვლევად მივიდა, თუმცა კანის დათვალიერებისას ვიცოვსკის მარჯვენა ლოყაზე არსებული მცირე ზომის საეჭვო წერტილი მოხვდა თვალში, რომელსაც მელანომას მახასიათებლები ჰქონდა. მისთვის შესაძლოა, დერმატოლოგს ყურადღება სულაც არ მიქცია, თუმცა პაციენტს გაუმართლა. სპეციალისტმა მას მაშინვე უთხრა, რომ მისი აზრით, ეს იყო კანის ყველაზე პატარა სიმსივნე, რომელიც ოდესმე უნახავს.
ვიცოვსკი მართალი აღმოჩნდა, მაგრამ რომ არა ზემოხსენებული ტექნოლოგია, დიაგნოზის დასმა ასეთი მარტივი არ იქნებოდა. უნდა ითქვას, რომ მსგავსი მელანომა კანის საერთო სიმსივნეების მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს, მაგრამ საკმაო სიკვდილიანობას იწვევს. შესაბამისად, მისი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა უმნიშვნელოვანესია.