კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
ხშირად გვავიწყდება, რომ დაავადებები არამარტო ადამიანებშია გავრცელებული, არამედ ველურ ცხოველებშიც. კრუგერის ეროვნულ პარკში (სამხრეთი აფრიკა) შენიშნეს ჟირაფი, რომელიც, შესაძლოა, პაპილომავირუსის გარკვეული ტიპით იყოს ინფიცირებული.
ფოტოგრაფ მარიუს ნორტიეს მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ ჟირაფის კანი მთლიანად ამობურცული წანაზარდებითაა დაფარული. Worldwide Vets-ის გუნდმა ფოტოები თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.
"კანის ეს დაავადება პაპილომავირუსითაა გამოწვეული. პაპილომავირუსის არაერთი ტიპი არსებობს, თითოეული კი ცხოველთა კონკრეტულ სახეობას ემართება. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ ჟირაფს, სავარაუდოდ, პაპილომავირუსის ის ტიპი აქვს, რომელიც ძროხებში გვხვდება (ხარისებრთა პაპილომავირუსი, იგივე BPV). სწორედ იგივე ვირუსი იწვევს ცხენებში სარკოიდებს", — მითითებულია ფოტოსურათის აღწერაში.
აღნიშნული დაავადება სიცოცხლისთვის საშიშად არ მიიჩნევა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობის გზა არ არსებობს. მეცნიერები თვლიან, რომ ვირუსი ან ჟირაფებს შორის პირდაპირი კონტაქტის შედეგად ვრცელდება, ან კონკრეტული სახეობის ჩიტებს გადააქვთ. ეს ფრინველები ჟირაფებს ტკიპებსა და სხვა პარაზიტებს აშორებენ კანიდან, თუმცა ზოგჯერ ამ ცხოველებს შორის დაავადებებსაც ავრცელებენ.
IFLScience-სთან საუბრისას მკვლევარმა ჯემა კემპლინგმა განაცხადა, რომ ჟირაფში მსგავსი სიმპტომები წარსულშიც შეუნიშნავთ.
"2007 წელს სწორედ იმავე არეალში შეამჩნიეს ორი ჟირაფი მსგავსი ხორკლებით. სხვა ჟირაფებში ამ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად მათ ევთანაზია ჩაუტარდათ, ხოლო ნიმუშები კი გამოსაკვლევად გაიგზავნა. დადასტურდა ხარისებრთა პაპილომავირუსის, BPV-ს, არსებობა", — აცხადებს ჯემპლინგი — "2017 წელს სამხრეთ აფრიკულ ჟირაფებში პაპილომავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ძირითადად ამერიკაში მობინადრე ირმებშია გავრცელებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექციური დაავადებები, რომლებიც უმეტესად სხვა სახეობებზე მოქმედებს, როგორღაც ჟირაფებშიც იწყებს გავრცელებას."
ამ დროისთვის ინფიცირებული ჟირაფის ევთანაზია არ იგეგმება. მას ველური ბუნების ვეტერინარები ინტენსიურ რეჟიმში აკვირდებიან.
ცნობისთვის, 2024 წელს სამხრეთ აფრიკის სხვა რეგიონში შეამჩნიეს ზიგზაგის ფორმის კისრის მქონე ჟირაფი. იმის მიუხედავად, რომ კისერი ვიზუალურად უცნაურად გამოიყურებოდა, როგორც ჩანს, ცხოველს დაავადების სიმპტომები არ აწუხებდა.