ასტეროიდი, რომელიც, შესაძლოა, დღემდე აღმოუჩენელ ქიმიურ ელემენტებს შეიცავდეს

ელემენტი

ზოგი ასტეროიდი ძალიან მკვრივია - იმდენადაც კი, რომ შეიძლება პერიოდულ სისტემაში არარსებულ მძიმე ელემენტებს შეიცავდეს.

ახალი კვლევა არიზონის უნივერსიტეტის ფიზიკოსთა გუნდმა ჩაატარა. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ შეიძლება საქმე ისეთ კომპაქტურ ულტრამკვრივ ობიექტებს (CUDO) ეხებოდეს, რომელთა მასის სიმკვრივეც ოსმიუმისას აღემატება. ცნობისთვის, ოსმიუმი ყველაზე მკვრივი ბუნებრივი ელემენტია, ის 76 პროტონისგანაა შემდგარი.

"ჩვენ მიერ დაკვირვებული ზოგიერთი ასტეროიდი მასის სიმკვრივის ამ ზღვარს სცდება. მათგან ყველაზე აღსანიშნავია ასტეროიდი 33 პოლიჰიმნია. ეს ასტეროიდი მეტად უჩვეულო ქიმიური შედგენილობის მქონე CUDO-ა", - ვკითხულობთ ნაშრომში.

მკვლევართა გუნდმა იმ სავარაუდო ქიმიური ელემენტების თვისებები შეისწავლა, რომელთა ატომური რიცხვი (Z) პერიოდული სისტემის ყველაზე მაღალ ატომურ რიცხვს აღემატება. ოსმიუმი ყველაზე მკვრივი სტაბილური ელემენტია. ამისდა მიუხედავად, მეცნიერებს ლაბორატორიაში მასზე მაღალი ატომური რიცხვის მქონე ელემენტებიც აქვთ შექმნილი. მაგალითად, ოგანესონის სინთეზირება 2002 წელს მოხდა. მისი ატომური რიცხვი 118-ია და იგი პერიოდული სისტემის ყველაზე მკვრივი ელემენტია.

მეცნიერებს პერიოდული სისტემის გარეთ არსებული ქიმიური ელემენტების მოდელირება ადრეც უცდიათ. ხოლო არიზონის გუნდმა საამისოდ ატომის რელატივისტური თომას-ფერმის მოდელი გამოიყენა. მკვლევრების მიზანი 110 ან უფრო მაღალი Z-ის მქონე ქიმიური ელემენტების მასის სიმკვრივის განსაზღვრა იყო. პერიოდულ სისტემაში არსებულ არცერთ ელემენტს იმხელა მასის სიმკვრივე არ ჰქონია, რომ ასტეროიდი 33 პოლიჰიმნიის თვისებები აეხსნა.

მკვლევრების განცხადებით, მათი მიგნებები შემდეგი ჰიპოთეზის წამოყენების საშუალებას იძლევა: თუ ზემძიმე მეტალები საკმარისად სტაბილურია, ისინი შეიძლება პოლიჰიმნია 33-ის მსგავსი ასტეროიდების ბირთვებშიც გვხვდებოდეს.