ასაკში ტექნოლოგიების გამოყენება დემენციის რისკებს ამცირებს - კვლევა

ბებო

თუ თქვენი ბებია-ბაბუებიც მიეჯაჭვნენ ტელეფონებს, ამაზე შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ. კი წუხან იმაზე, რომ ტექნოლოგიები ჩვენს კოგნიტიურ უნარებზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ ახალი კვლევა ამის საპირისპიროში გვარწმუნებს და გვეუბნება, რომ ასაკში ტექნოლოგიების გამოყენება დემენციის რისკებს ამცირებს.

მეცნიერებმა მანამდე ჩატარებული 57 კვლევა შეისწავლეს და ასე 411 000 ადამიანი მოიცვეს, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატებოდა. შემდეგ კი დააკვირდნენ კავშირებს ციფრულ ტექნოლოგიურ ჩვევებსა და დემენციას შორის.

„ნებისმიერ დღეს ახალ ამბებში რომ ჩაიხედოთ, წააწყდებით ადამიანებს, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენების ზიანზე საუბრობენ. ხშირად ამბობენ ტერმინს ტვინის გამოფიტვა, ახლა კი წინ ციფრულმა დემენციამ წამოიწია. როგორც მკვლევრებს, გვინდოდა, გაგვეგო, სიმართლე იყო თუ არა ეს“, — განმარტავს ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი მაიკ შულინი.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება კოგნიტიური დაქვეითების რისკების 58%-იან შემცირებას უკავშირდება. ამას გარდა, ტექნოლოგიების მოყვარულმა მომხმარებლებმა დროთა განმავლობაში კოგნიტიური დაქვეითების 26-34%-ით დაბალი მაჩვენებელი შემოგვთავაზეს.

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის კვლევის ის ტიპი, რომელიც პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ პასუხებს შემოგვთავაზებს. თითოეული კვლევისას განსხვავებული მიდგომები გამოიყენეს და ტექნოლოგიების გამოყენებაც სხვადასხვანაირად გაზომეს: ზოგიერთი სმარტფონის გამოყენებას აკვირდებოდა, ზოგიც სოციალური მედიის. თუმცა, რისკების შემცირება კვლავ აქტუალური იყო მაშინაც კი, როცა ისეთი ფაქტორები დააკორექტირეს, როგორებიცაა დასაქმება, განათლება და სოციოეკონომიკური სტატუსი. გამოდის, კავშირი ნამდვილად არსებობს, რაც სამომავლო კვლევების საგანიც კი შეიძლება, გახდეს.

„ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ ასაკოვან ადამიანებს ტექნოლოგიების გამოყენებისკენ უნდა მოვუწოდოთ, განსაკუთრებით იმ გზებით, რომლებიც მათ ეხმარებათ კოგნიტიურ პრობლემებთან გამკლავებაში“, — აცხადებს ნეიროფსიქოლოგი ჯარედ ბენჯი.

ტექნოლოგიების გამოყენებამ რამდენიმე გზით შეიძლება დაგვიცვას კოგნიტიური დაქვეითებისა თუ დემენციისგან:

ტვინის სტიმულირებაში შეიძლება, დაგვეხმაროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალი მოწყობილობებისა და აპლიკაციების გამოყენების სწავლას ეხება. 

სოციალური მედია და ვიდეოზარები კავშირების შენარჩუნებაში გვეხმარება. უკვე კარგად ვიცით, რომ მარტოობა დემენციის განვითარების რისკებს ზრდის, სოციალური კავშირების შენარჩუნება კი აქ ერთ-ერთი გამოსავალია.
არსებობს იდეაც, რომელიც გვეუბნება, რომ ტექნოლოგია მენტალური უნარების შენარჩუნებას უწყობს ხელს და ხანდაზმულებს მეტად დამოუკიდებელს ხდის დიდი ხნის მანძილზე. მაგალითისთვის, ეს მაშინ ხდება, როცა აპლიკაციები მათ მედიკამენტებსა და სამედიცინო ვიზიტებს შეახსენებს.

საკმაოდ კომპლექსური საკითხი კი არის, მაგრამ კვლევაც ფართომასშტაბიანია და იმის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, რომ ასაკში შესვლასთან ერთად ტექნოლოგიების გამოყენება ძალიან დაგვეხმარება. ამიტომაც, მეცნიერები გვირჩევენ, მშობლებს, ბებიებსა თუ ბაბუებს მოთმინებით ვასწავლოთ ფოტოების გადაღება/ატვირთვა, შეტყობინებების გაგზავნა და კალენდარში ექიმთან ვიზიტების ჩანიშვნა…