წიაღისეულის შესახებ შეთანხმება სამართლიანია და რატიფიკაციისთვის რადას წარედგინება - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

წიაღისეულის შესახებ შეთანხმება სამართლიანია და რატიფიკაციისთვის რადას წარედგინება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია, რომ შეთანხმებაში შეფერხებები არ იყოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სამთავრობო გუნდი, რომელმაც ამერიკელებთან შეთანხმებაზე იმუშავა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზელენსკის განცხადებით, ეს ახლა ნამდვილად თანასწორი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და უკრაინაში წარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შესაძლებლობას ქმნის.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერა, ფაქტობრივად, ვატიკანში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის პირველი შედეგია.

„შეთანხმებაში ვალი არ არის და იქმნება ფონდი – აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას განახორციელებს და ფულს აქ გამოიმუშავებს. ეს არის ამერიკასთან ერთად სამართლიანი პირობებით მუშაობა, როდესაც როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე შეერთებულ შტატებს პარტნიორობით შეუძლიათ ფულის გამომუშავება, რაც თავდაცვაში გვეხმარება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ.