1692302192
აინშტაინსაც არ სჯეროდა, რომ ამის გადაღებას შევძლებდით - ნახეთ გასაოცარი ფენომენი

ფარდობითობის ზოგადი თეორიის ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება, რომელიც მის პროგნოზს შეესაბამება, გრავიტაციის მიერ სინათლის გამრუდებაა. ეს ეფექტი 1919 წელს დააფიქსირეს, როცა მზის სრულ დაბნელებას აკვირდებოდნენ.
ამის მიუხედავად, იგივე მოვლენა სამყაროში ბევრად მასშტაბური სახითაც გვხვდება. მაგალითად, ეს მაშინ ხდება, როცა შორეული გალაქტიკა ჩვენი პერსპექტივიდან მის წინ მდებარე მასიური ობიექტის გარშემო გამრუდებული გამოსახულების ფორმით ჩნდება. ამას გრავიტაციული ლინზირება ეწოდება და ის სწორედ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადმა თეორიამ იწინასწარმეტყველა.
ფაქტობრივად, ეს ერთგვარი კოსმოსური გამადიდებელი შუშაა, რომელიც შორეული ობიექტების შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ასეთია ჩვენგან დიდ დისტანციაზე არსებული გალაქტიკები, ვარსკვლავები და სხვა. გამრუდებული სინათლე ზოგჯერ თაღის ფორმას იღებს, ზოგჯერ კი მთლიან რგოლს ქმნის. ამ უკანასკნელს "აინშტაინის რგოლი" ეწოდება და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფენომენია.
მსგავსი ეფექტის შესახებ აინშტაინმაც იცოდა, მაგრამ არ ეგონა, რომ მის დაფიქსირებას შევძლებდით.
"არ არსებობს იმედი, რომ ამ ფენომენს ოდესმე პირდაპირ დავაკვირდებით", — განაცხადა მან 1936 წელს.
საბედნიეროდ, ფიზიკოსის ვარაუდი არ გამართლდა და თანამედროვე ტელესკოპებმა იმის საშუალება მოგვცა, რაც აინშტაინს ვერც წარმოედგინა. აი, მაგალითიც:
სურათი ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო და მასზე სწორედ აინშტაინის რგოლს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს პირველი ასეთი ფოტო სულაც არაა, არამედ მსგავსი კადრები ობსერვატორიებს აქამდეც დაუფიქსირებია. ამის მიუხედავად, ვების მიერ აღბეჭდილი ლინზირებული გამოსახულება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია.
სურათზე წინა ფონზე ჩვენთან შედარებით ახლოს მდებარე ელიფსური გალაქტიკა ჩანს, რომელიც SMACS J0028.2-7537-ად წოდებული შეჯგუფების ნაწილია. ცენტრის გარშემო უფრო ფერადოვან ობიექტს ვხედავთ, რომელიც შორეული სპირალური გალაქტიკაა. მისმა სინათლემ მილიარდობით წლის წინ აიღო გეზი და გრავიტაციული გამრუდების შედეგად რგოლის სახით გამოვლინდა.
აღნიშნული გამოსახულება დედამიწის მიმართ ამ გალაქტიკების სათანადო სიბრტყული განლაგების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ სხვა გალაქტიკებიდან ის არ გამოჩნდება.