„ყველაფერი ისეთი ბრჭყვიალა არ არის, როგორც გარედან ჩანს“ - თამრი ხურცილავა პირადსა და სამომავლო გეგმებზე

თამრი ხურცილავა

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის პირველი მონაწილე ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავე თამრი ხურცილავაა. გარდა ამ საპატიო წოდებისა, თამრი მსახიობია და ასევე, იყო „მასტერ შეფის“ მონაწილეც. 

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მალე ის რეალითი შოუში მიიღებს მონაწილეობას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა გადაწყვეტილება მოუწონა და მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა, ნაწილმა, გააკრიტიკა. 

ახლა ის გასტროლებზე იმყოფება და სუხიშვილების ანსამბლთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართავს კონცერტებს. რთული გრაფიკის მიუხედავად, „პრაიმტაიმთან“ საუბარი მაინც მოახერხა.

აშკარაა, რომ თამრი ერთ-ერთი ის მონაწილე იქნება, რომელიც „პრაიმ ჰაუსის“ ერთგულ მაყურებელს საკუთარი გულწრფელობით თავს დაამახსოვრებს და შეაყვარებს. 

- თამრი, რატომ გადაწყვიტეთ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღება და რა მიზნები გაქვთ დასახული?

- ჩემი პირველი მიზანი, ბინის მოგებაა. დასავლეთიდან ვარ, 14 წლამდე იმერეთში ვცხოვრობდი. „სუხიშვილების“ გამო საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, სადაც 25 წლამდე ნათესავებთან ვცხოვრობდი. შემდეგ ქირით გადასვლა მომიწია და დღემდე ასე ვარ. ეს დიდ პრობლემას მიქმნის. გარედან ჩანს, რომ „სუხიშვილებს“ კარგი შემოსავალი აქვთ, ყველაფერი ისეთი ბრჭყვიალა არ არის, როგორც გარედან ჩანს. ჩვენ ეგეთი მაგარი სპონსორები არ გვყავს, რომ ხელფასი და ჰონორარი გვეყოს, თუნდაც იმაში, რომ ბინა მქონდეს. 

იყო ასეთი შემთხვევა - კომპანია „სვეტმა“ „სუხიშვილების“ იმ მოცეკვავეებს, რომლებსაც ბინები არ გვქონდა, გვაჩუქა. მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, როცა გავიგეთ, რომ მეპატრონეებმა „გადაგვაგდეს“. ჩვენი რეკლამის ხარჯზე იქ ბინები სხვებმაც შეიძინეს, ემიგრანტებმაც... წლები ამ პრობლემის მოგვარებას ველოდებოდით, შემდეგ „m2-მა“ აიღო ყველა პასუხისმგებლობა თავის თავზე და გადაწყვიტა, რომ ის ბინები ჩვენთვის ჩაებარებინა. თუმცა, იმ დროს მოქალაქეების ნაწილმა თანხა და ფართი დაამატა და კომპანიამ დაზარალებულად ისინი აღარ გვცნო, ვინც ეს არ გავაკეთეთ. შესაბამისად, დავრჩით ბინების გარეშე. ასე რომ, ჩემი ძირითადი მიზანი ბინის მოგებაა, რადგან ქვეყნიდან წასვლა არ მომიწიოს, მინდა, ჩემი საყვარელი საქმე საქართველოში ვაკეთო.

გარდა ამისა, მაქვს პატარ-პატარა მიზნებიც. მე, როგორც მსახიობს, მინდა ყველა ის სქილი წარმოვადგინო, რაც მაქვს. ვფიქრობ, ეს პროექტი მომცემს საშუალებას, რაც შემიძლია ყველაფერი წარმოვაჩინო. საქართველოში სამსახიობო კუთხით მიკერძოებული კასტინგები ტარდება, ძალიან იშვიათია, რომ გაგიმართლოს და შენი ნიჭი დაფასდეს. ზოგი მაინც ახერხებს ამას, ზოგი ნაცნობობით და ა.შ.

- უყურებდით „პრაიმ ჰაუსის“ წინა სეზონებს?

- პირველ და მეორე სეზონსაც ვუყურებდი. დაახლოებით, ვხვდები, რას გავაკეთებ და რას არა. თუმცა, მგონია, რომ იქ შეიძლება ახალი რაღაც აღმოვაჩინო ჩემს თავში... ყოველ შემთხვევაში, ვეცდები ვიყო გულწრფელი, ჩემს მაქსიმუმს წარმოვაჩენ და ვიქნები ის, ვინც ვარ. 

- ოჯახმა როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება?

- ცოტა რთულად. ჩემი იმედი აქვთ, თუმცა ეშინიათ ჩხუბის, რაც წინა სეზონებში იყო, არ უნდათ დავიჩაგრო. მშობლის ეს რეაქცია, რომ შვილზე იღელვოს, ნორმალურიც არის. 

- შეძლებს ვინმე თქვენს დაჩაგვრას?

არა მგონია. (იცინის) გული მიგრძნობს, რომ განსხვავებული სეზონი იქნება. ვფიქრობ, ჩემი შესვლითაც რაღაც წვლილს შევიტან. მინდა, ამ სეზონში დავამტკიცო, რომ შესაძლებელია გამარჯვება ჩხუბების და ადამიანური სახის დაკარგვის გარეშეც. ამ მოტივაციით შევდივარ, მინდა ყველამ სცადოს ეს, იყვნენ ჯანსაღი, ძლიერი და საინტერესო კონკურენტები. 

- ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან ჯერ მონაწილეებს არ იცნობთ. თუმცა, სად ხედავთ თქვენს თავს, გამარჯვებულად წარმოიდგენთ?

- რა თქმა უნდა. ვინც შედის, ყველას ეს მიზანი აქვს და თვლის, რომ გაიმარჯვებს. მე ამ მიზნით შევდივარ - გავიმარჯვებ არა, აუცილებლად უნდა გავიმარჯვო.

- ოჯახი ვახსენეთ, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ მინდა... ამ თემასთან დაკავშირებით, ამჯერად თავს შევიკავებ.

- „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვა დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ახლაც გასტოლებზე იმყოფებით, როგორია მოცეკვავის ცხოვრება?

- ახლა გოგოებთან ვხუმრობ, ჩემი „პრაიმ ჰაუსი“ უკვე დაიწყო-თქო. აქაც დაახლოებით იგივე ხდება, ოღონდ ჩხუბების გარეშე. (იცინის). 24 საათი ყველა ერთად ვართ. ძალიან რთული რეჟიმი გვაქვს, თუმცა, სასიამოვნოა. მიყვარს სიახლეები, ყოველი დღე სხვადასხვანაირია, მუშაობის საინტერესო პროცესია...

ჩემი გადაწყვეტილებაც ზოგმა მოიწონა, ზოგმა არა. მესმის მათი, რადგან სუხიშვილების მოცეკვავე სხვანაირი წარმოუდგენიათ... ალბათ, ეშინიათ არ დაიმსხვრეს მათი წარმოდგენები და ფიქრობენ, სკანდალების მოწყობას დავიწყებ... თუმცა, მე სკანდალებით და ინტრიგებით შესვლას, ვეცდები და დავამტკიცებ, რომ ამ პროექტში შესაძლებელია, იყო წარმატებული და შეძლო გამარჯვება შენი ადამიანურობით და კარგი ქმედებებით. 

- როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას მოცეკვავეები, ასევე ნინო და ილიკო სუხიშვილები?

- პირველ რიგში, ეს თემა მათთან შევათანხმე. იყო რამდენიმეწამიანი პაუზა, თუმცა, საკითხი განვიხილეთ. ნინომ, ილიკომ და ჩვენმა მოცეკვავეებმა იციან, ეს პროექტი და გამარჯვება რამდენად მჭირდება. არ დაფიქრებულან, ყველა გვერდით მიდგას და ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება. მათ მხარდაჭერას რომ ვგრძნობ, უფრო მიხარია და მეც ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ და „პრაიმ ჰაუსში“ შევალ. 

- გუგლის საძიებო სისტემაში არსებობს „სუხიშვილების“ ძველი და ახალი, თანამედროვე დიეტები. საზოგადოების ნაწილი ამას იყენებს და სჯერათ, რომ ეს მართლაც მოცეკვავეების დიეტაა. ამაზე რას გვეტყვით?

- იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან სუხიშვილების დიეტა არ არსებობს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს მითია. ჩვენთან დიეტაზე არავინ არის, ფორმების შენარჩუნება თავისთავად ხდება, რადგან ისეთი რეჟიმი გვაქვს, ძალაუნებურად ყველანი ფორმაში ვართ. უბრალოდ ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად,  ჯანსაღი საკვები მივიღოთ. აკრძალული არაფერი გვაქვს... ამ თემაზე ჩვენც ვხალისობთ და ვამბობთ, აბა გავიგოთ, რა არის ეს სუხიშვილების დიეტაო... არ ვიცი, საიდან გავრცელდა. ჩვენი დიეტა არის ბევრი ვარჯიში, აქტიურად ყოფნა, ბევრი საქმის ერთდროულად მოსწრება... ეს ყველაფერი კი ფორმაში გვაყენებს.

- ჰაუსში ყოფნის დროს მიიღებთ კონცერტებში მონაწილეობას?

- ჰაუსიდან რეპეტიციებზე გასვლა და კონცერტებში მონაწილეობის მიღებაც მომიწევს. სამწუხაროდ, გასტროლებზე ვერ წავალ, რაზეც, რა თქმა უნდა, გული დამწყდება და ძალიან გამიჭირდება, როცა მეცოდინება, რომ ჩემები გასტოლზე არიან და მე იქ არ ვარ... ჩვენთვის ყოველი დღე მნიშვნელოვანი და ისტორიულია... ძალიან, ძალიან რთულია, როცა გასტროლზე არ იმყოფები გუნდთან ერთად. გარკვეულ დღეებში, როცა რეპეტიციაზე გასვლა მომიწევს, ეს მაძლიერებს, თან ფორმაში ყოფნა ჩემთვის მნიშვნელოვანია.