პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იურისტი და ეზოთერიკოსი ქეთევან ჯანდიერი მსოფლიო მედიისა და სამოდელო სახლების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ქეთას ფოტოები ევროპისა და ამერიკის 40-ამდე სამოდელო ჟურნალში დაიბეჭდა. ქეთიმ თავის წარმატებულ ცხოვრებასა და წარსულზე ჟურნალ „თბილისელებს“ უამბო.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ქეთევან ჯანდიერი: პირველადი პროფესიით სისხლის სამართლის მაგისტრი ვარ, საბაზისო ცოდნა იურისპრუდენციის მიმართულებით მივიღე. საადვოკატო პრაქტიკა უკვე სამი წელია, დავტოვე და აკადემიური ხაზისკენ გადავიხარე.
***
სიმართლე გითხრათ, მე ბავშვობიდან მაქვს პატარა „ტალანტების ხურჯინები“. ვძერწავ, ვხატავ, ვმღერი, ვუკრავ სამ ინსტრუმენტზე, ვიცი ხუთი ენა, ძალიან ბევრს ვკითხულობ. პანდემიის პერიოდში 92 მეცნიერება შევისწავლე საკმაოდ ფუნდამენტურად. ვწერ ლექსებს, პროზას, ბავშვობიდან ვწერ მემუარული სტილის ჩანახატებს. ნოველები მაქვს დაწერილი. ასე რომ, ბავშვობიდანვე „სხვაგან ვიყავი“. ჩემს ცოდნასა და განვითარებაში დედიკოს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი. მან ის, რაც ჩემში აღმოცენდა, არ ჩაახშო, პირიქით, გასაქანი მისცა. ბავშვობაში დედას გესტაპოს ვეძახდი და მას დღემდე ეს ზედმეტსახელი აქვს (იცინის). ერთადერთი, კატორღაში არ მატარებდა, თორემ სულ განვიცდიდი იმის გამო, რომ ბავშვობა არ მქონია. ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ წიგნი არსებობდა, თუმცა დღეს მისი უზომოდ მადლობელი ვარ.
ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო. მაგალითად, ადამიანი მენტალურად ძალიან ყოფილა ჩაციკლული რაღაც კონკრეტულზე, რაც მას ზღუდავდა, ცხოვრებას არ აცდიდა და ამის გაუქმებაზე გვიმუშავია. ყოფილა შემთხვევები, ადამიანი გამიფრთხილებია, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა და თავის დროზე მიუხედავს მისთვის. ყოფილა შემთხვევა, დედას არ ჰქონდა კონტაქტი შვილთან, არ იცოდა ცოცხალი იყო თუ არა და მასთან დაკავშირების თხოვნით მე მომმართა. ვაპოვნინეთ, გავიგეთ, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, საღ-სალამათი, უბრალოდ, ისეთ ადგილას იმყოფებოდა, ინდოეთში, რომ კავშირი ვერ დგებოდა. ყოფილა შემთხვევები, ოჯახები შემინარჩუნებია. თუმცა, შემხვედრია იმდენად ტოქსიკური ოჯახებიც, რომელთა დანგრევაც სჯობდა, რადგან ბავშვები არ იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში. სიმართლე გითხრათ, პაციენტთან დამშვიდობების შემდგომ, არასდროს მახსოვს, რა ხდებოდა მასთან მიმართებაში. მამახსოვრდება ის, რასაც შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო მახსენებენ. არ მახსოვს, რადგან მე იმ დროს ტრანსში ვარ. მე 7 საათი ვანგარიშობ ადამიანს, ამის შემდეგ, საათ-ნახევარი ვარ ორატორულ რეჟიმში. იქ წონასწორობის ის კონდიციაა, რომელშიც მე, უბრალოდ, კონკრეტული ინფორმაციის გამტარი ვარ და ის ყველაფერი რომ დავიმახსოვრო, შეიძლება, ჭკუიდან შევირყე.
– ქეთა, ამ ყველაფერთან ერთად, გამორჩეული გარეგნობა გაქვთ და ალბათ, ამის დამსახურებაა ის, რომ ევროპის და ამერიკის მოდის სახლები დააინტერესეთ და თქვენი ფოტოები უამრავ ჟურნალში დაიბეჭდა. რა მნიშვნელობა აქვს ამას თქვენთვის?
– ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და წარმოუდგენელი ფოიერვერკი იყო. ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, საკუთარ თავს ლამაზად არასდროს აღვიქვამდი. ყოველთვის ჩემს გონებრივ მონაცემს ვაფასებდი, ვიზუალზე იმავეს ვერ გეტყვით, მით უმეტეს, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ჩემი ფოტოები ამხელა მასშტაბზე გასულიყო.
იულია პალჩიკოვა გახლავთ უკრაინელი ქალბატონი, რომელიც ბევრი წელია, მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობს მსოფლიო მასშტაბით, მეტწილად კი იტალიაში. ის თავის საქმის არაჩვეულებრივი პროფესიონალია. მე არ მაქვს არანაირი სოციალური ქსელი, არასდროს მიყვარდა ფოტოების გადაღება და ამ ქალბატონმა გადაცემებში სტუმრობისას ფოტო-ვიდეო მასალაში შემამჩნია. მათ შორის იყო მერიკო კარტოზიას გადაცემა. მანამდე იულიას ფიზიკურად არ ვყავდი ნანახი. მითხრა, მოდი, ვცადოთო და მისი მოულოდნელი წინადადება ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა.
მოწვეული ჰყავდა ძალიან კარგი ფოტოგრაფი, ირაკლი პირველი, რომელიც „ვოგთან“ თანამშრომლობს. ის ამ საქმეში იმდენად დახელოვნებული აღმოჩნდა, რომ გადაღების დროს, ერთი წამითაც არ მიგრძნია, რომ მე სინამდვილეში ფოტომოდელი არ ვიყავი და ეს ჩემთვის პირველი ფოტოსესია იყო (იცინის). ძალიან შრომატევადი ყოფილა მოდელის პროფესია, რომელსაც მანამდე, სამწუხაროდ, ზედაპირულად ვუყურებდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მილანის პრესამ დაიწყო ჩემი ფოტოების გამოქვეყნება და ასე შემთხვევით გავხდი სხვადასხვა მოდის სახლის ინტერესის ობიექტი, რაც ძალიან სასიამოვნოა.