„ნულიდან ვიწყებ ცხოვრებას...“ - რატომ წავიდა მალიბუ ტუღუში საქართველოდან

მალიბუ

ცოტა ხნის წინ მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა სამშობლო დატოვა და ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყო. მართალია, თავისი ქვეყნიდან შორს არის, თუმცა ფიქრობს, რომ სწორედ იქ ჩავიდა, სადაც თავის დიდი ხნის ოცნებას აიხდენს. მასთან ინტერვიუ ჟურნალმა „თბილისელებმა“ ჩაწერა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

ტყუილი არ მიყვარს, ძალიან პირდაპირი ვარ და იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, ამიტომ ვერ ვიტყვი და ვერ მოვიტყუები, თავგადაკლული პატრიოტი ვარ-მეთქი. თუმცა, რაც არ უნდა შესაძლებლობები გაგიხსნას სხვა ქვეყანამ და სითბო იგრძნო, მგონია, შენი სამშობლო მაინც შენი სახლია. დანამდვილებით არ ვამბობ, ჩემს ოცნებაზე უარს ვიტყოდი-მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვეცდებოდი, ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი და ოცნება იმით ამეხდინა, ამერიკაში კი, უბრალოდ ტურისტად ჩამოვსულიყავი, მენახა აქაურობა და მერე დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში.

****

ჯერ ბედნიერებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა ამისთვის ვარ აქ და იმისთვის ვშრომობ და ვაკეთებ ყველაფერს, რომ ეს შეგრძნება ერთხელ მაინც მქონდეს ცხოვრებაში, რასაც სრულყოფილი ბედნიერება ჰქვია. ასე რომ, ძალიან შორს ვარ ბედნიერებისგან, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვარ. საკუთარ თავთან სრულყოფილებაში რომ მივალ, მერე შევიგრძნობ და ვიტყვი – მე ბედნიერი ვარ!

– მუშაობა დაიწყე, თუ ჯერ აკლიმატიზაციისა და ძებნის პროცესში ხარ?

– პირველივე დღიდან, რაც ჩამოვედი, სულ იმაზე ვლაპარაკობ, რომ ჯერ საქმეს უნდა მივხედო და მერე დავათვალიერო ლამაზი ადგილები. მეუბნებოდნენ: დაიცადე, ჯერ ნახე და მერე იფიქრე საქმეზეო. არ შემიძლია, უსაქმურად ვიყო, ვისეირნო და ვათვალიერო რაღაცები. ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ეს ამერიკაა და აქ არავის აინტერესებს, ვინაა მალიბუ ტუღუში, შენ თვითონ უნდა შექმნა შენი თავი. ყველაზე მეტად, იცით, რა მომწონს ამერიკაში? სულ თავიდან უნდა შევქმნა ჩემი პიროვნება.

– და თავიდან დაიწყო ცხოვრება.

– დიახ, ზუსტად. ნულიდან ვიწყებ ცხოვრებას და ამისთვის მზად ვარ. მოკლედ, ვეძებდი ყველანაირ სამსახურს. საოცარი შეგრძნებები დამეუფლა, როცა სამსახურს მანჰეტენზე ვეძებდი. შევდიოდი რესტორნებში, მაღაზიებში... ვეუბნებოდი: ყველაფერს გავაკეთებ, ჭურჭელსაც დავრეცხავ-მეთქი...