1728499899
სიმღერამ, რომელიც შაკირამ პიკეს მიუძღვნა, Youtube-ზე რეკორდი დაამყარა
შაკირას სიმღერამ ესპანელ ფეხბურთელ ჟერარ პიკესთან განშორებაზე Youtube-ზე 3 დღეში 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
პრემიერიდან 24 საათის განმავლობაში სიმღერას 63 მილიონი ნახვა ჰქონდა, რაც ლათინური კომპოზიციისთვის რეკორდია. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია შაკირამ თავისი პროექტის Music Sessions ფარგლებში გამოუშვა. მასში მომღერლის ყოფილი პარტნიორის სახელი ნახსენები არ არის, თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლები დარწმუნებულები არიან, რომ ტექსტი სწორედ მასზეა.
ესპანურენოვანი სიმღერა იწყება სიტყვებით: „მაპატიე, უკვე სხვა თვითმფრინავში ვზივარ. აქ არ დავბრუნდები, კიდევ ერთი იმედგაცრუება არ მინდა“. შაკირა ასევე ორ 22 წლის გოგოს ახსენებს. „გეგონა, რომ მატკენდი, მაგრამ უფრო ძლიერი გამხადე. ისე გულმოდგინედ მოგაქვს თავი ჩემპიონად, მაგრამ როდესაც მჭირდებოდი, თავი უარესი მხრიდან მაჩვენე. ჩემნაირი ძუ მგელი შენნაირებისთვის არ არის“.
მეორე კუპლეტში მომღერალი ფეხბურთელს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს და აცხადებს, რომ მან Ferrari Renault Twingo-ზე, Rolex-ი კი Casio-ზე გაცვალა.