დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გიორგი მეგრელიშვილის 40 წუთიანი ფილმი - DIDI da GOGO ნიუ-იორკის ფილმის ფესტივალზე მოხვდა სექციაში - ექსპერიმენტული ფილმი. შერჩეული ფილმების დაჯილდოება იანვრის ბოლოს ჩატარდება.
გიორგი 26 ოქტომბრის შემდეგ ამერიკაშია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ექვს თვეს შტატებში დაჰყოფს.
"მეგრელამ" თავის რიგით მეექვსე ფილმში, მთავარი როლები ახალბედა მსახიობებს - კოსტა სანიკიძესა და ნუკრი ხეთერელს ანდო.
ფილმის სცენარი სემუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინის" მიხედვით შექმნა.
მოქმედება ერთ სივრცეში ვითარდება, სადაც ნახევარ ძმები, ერთ-ერთის სურვილით, გამოიკეტებიან. ერთს სურს წამალდამოკიდებულებას და ლუდომანიას გაექცეს, მეორეს დიაბეტი აქვს და ინსულინზეა...
გიორგი მეგრელიშვილი: ყოველთვის მინდოდა სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ გადამეღო. ამ ნაწარმოებიდან აღებული მაქვს კონკრეტული სცენები და დრამატურგია მასზე მაქვს აგებული. მთავარი გმირების მეორე სახელებიც გამოვიყენე - დიდი და გოგო.
ფილმში ძმები სერიოზულ თემებზე საუბრობენ, თუმცა იუმორისტული პასაჟებიც არის, რათა მაყურებელმა ამოისუნთქოს.
ასევე ძალიან მინდოდა ერთ ოთახში გადამეღო ფილმი. ერთ სივრცეში მთელი ფილმის გადაღებისას ოპერატორს გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვა მოუხდა, ვიდრე ის გარეთ დახარჯავდა. მეც მაინტერესებდა რამდენად შემეძლო ამბის ამგვარად მოყოლა. თუ ფილმის პრემიერით ვიმსჯელებთ, რომელიც თბილისში შედგა, მაყურებელმა ის კარგად მიიღო.
ფილმში დათო ევგენიძის მუსიკაა. მასთან ჩემ პირველ ფილმზე ვითანამშრომლე. და ახლა მხოლოდ ერთ სცენაზე ვთხოვე, რაღაც მუსიკა შეერჩია, თუმცა დათომ მთელი ფილმისთვის დაწერა მუსიკა.
ფილმს სამი ფინალი აქვს. მაყურებელმა უნდა აირჩიოს - რომელ (როგორ) ცხოვრებაზე გააკეთებს არჩევანს.
რაც შეეხება მსახიობებს - კოსტა სანიკიძე წელიწად ნახევრის წინ გავიცანი. ძალიან საინტერესო პერსონაა ისევე, როგორც ნუკრი ხეთერელი. ვიფიქრე, კოსტა ის ადამიანი ხომ არ არის, ვისაც ამ ჩემთვის საინტერესო ფილმში მთავარ როლს ვათამაშებ-მეთქი.
კოსტაში, როგორც არტისტში, ძალიან ბევრი ფერი, ბევრი პლასტია. მას შეუძლია, რომ განვითარდეს და ღირებული როლები შექმნას. კოსტას აქვს ამის მონაცემები.
ბოლომდე გამომყვნენ კოსტაც და ნუკრიც. ერთი კვირის მანძილზე დღე და ღამე ვიღებდით. სასიამოვნოდ ვიმუშავეთ. მათ ჩემი მოლოდინი გაამართლეს.
კოსტას გმირს ფილმი მხრებზე აქვს წამოკიდებული და მიაქვს ბოლომდე. მისი გმირი მომღერალია, დამოკიდებულია სოციალურ ქსელზე, თამაშზე, ნარკოტიკზე და სურს ამ ყველაფერს გადაეჩვიოს.
ნუკრი აბსოლუტურად განსხვავებულია მისგან. მისი გმირი დიაბეტით არის დაავადებული. მათ ნამდვილად ძმების სახეები შექმნეს. უბრალოდ არ ვამბობ, სასიამოვნო იყო მათთან ერთად მუშაობა-მეთქი. მართლა ასე იყო.
- პატარა პარალელია კოსტას გმირსა და მის ახლანდელ რეალობას შორის. რეალით შოუ "პრაიმ ჰაუსში" სასმელზე დამოკიდებულებას ებრძოდა...
- ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რასაც თამაშობ, შეიძლება მერე რეალურად შეგემთხვას. ეს შემოქმედებითი ხალხის კარმაა. ასე ხდება.
ვიღაც ვერ უძლებს ამდენ ხალხთან ერთად ჩაკეტილ სივრცეში ყოფნას და უნდა რომ „განიავდეს“. ამისთვის ყველას თავისი საშუალება აქვს. მე არაფერზე დამოკიდებულებას არ ვამართლებ. ჩემთვის სიფხიზლეა ყველაზე დიდი „კაიფი“.
დრამატურგიულად ბევრად საინტერესო გახდა კოსტა დაკვრა და ლექსები რომ დაიწყო. ახლა და ახლა უფრო მომწონს. ვგულშემატკივრობ.
მინდა, „რუსთავი 2“-ზე გავიდეს ეს ფილმი და მაყურებელმა ნახო, იქ კოსტა სულ სხვანაირია. სენსიტიური სცენები აქვს. ის ამ როლში მართალია, არტისტული და ამავდროულად, ორგანულია.
- ამერიკაში რას საქმიანობთ?
- ახლა ფილადელფიაში ვარ, თეატრში როლი მომცეს. რეპეტიციები ონლაინ გვაქვს. და ეს ხელს მაძლევს, რადგან საარსებოდ, ღამით, სხვადასხვა ადგილას ვმუშაობ. მართვის მოწმობა ავიღე. ექვსი თვე აქ ვიქნები და მერე, ვნახოთ...