„მომაჯადოებელი სამეფო ქორწილი“ - რას წერს ჟურნალი HELLO ზუტა ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესას ქორწილზე

მომაჯადოებელი სამეფო ქორწილი

ქართველი ბარიტონის, ზურაბ (ზუტა) ძიძიგურისა და ლიხტენშტეინის პრინცესა მარია იმაკულატას ქორწილი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჟურნალმა HELLO!-მ ახალდაქორწინებულთა ფოტოები გამოაქვეყნა და პრინცესას პირველი კომენტარიც გაავრცელა.

წყვილი 31 ოქტომბერს ვენაში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში დაქორწინდა. მათი ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია ქორწილამდე გასაიდუმლოებული იყო.

სამეფო ცერემონიაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის საქორწინო კაბამ, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა, ასევე 1926 წელს დამზადებულმა ისტორიულმა „ფარშევანგის“ დიადემამ. ზურაბ ძიძიგურს კი ქართული ტრადიციული ჩოხა ეცვა.

ჟურნალთან საუბრისას პრინცესამ აღნიშნა, რომ ზურაბთან თავს კომფორტულად გრძნობს, მათ საერთო ღირებულებები, მოგზაურობისა და კლასიკური მუსიკის სიყვარული აერთიანებთ. მისი თქმით, განსაკუთრებით დაამახსოვრდა მომენტი, როდესაც ზურაბმა მას ყველას თანდასწრებით უთხრა: „ის ჩემი ქალია“ — სწორედ ამ სიტყვებით მოიგო მისი გული.

შეგახსენებთ, წყვილი ხუთი წლის წინ საქართველოში, თხილამურებით სრიალის დროს შეხვდა.

✕