„კაცებისგან მომდის ხოლმე სასწაული მესიჯები...“ - სალომე კაპანაძე

სალომე კაპანაძე

ინფლუენსერი სალომე კაპანაძე საკუთარი ჩაცმის სტილით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სოციალურ ქსელში უამრავი სექსუალური ფოტო უდევს, რაც ბევრს ძალიან მოსწონს, თუმცა ბევრი საკმაოდ უხეში ფორმით გამოხატავს საკუთარ ანტიპათიას მისდამი. 

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ თბილისელების ინტერვიუდან

– სამი წლის წინ, ძალიან ბევრს საუბრობდნენ შენს დეკოლტეზე. დღეს კიდევ უფრო თამამი ფოტოები გაქვს. შეიცვალა რამე თუ ისევ ისე აშფოთებთ სიშიშვლე და შენი სითამამე?

– სამი წლის წინ მართლა ბუმი იყო ამაზე. ოჯახის წევრები და მეგობრები მეუბნებოდნენ, კომენტარები წაიკითხე? წააშლევინე მაინც, ნახე რას გიწერენო. არც მაშინ მიმქონდა გულთან ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მძაბავდა. ახლა საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას. ვფიქრობ, რომ ჩემგან მიეჩვია საზოგადოება ასეთ თამამ ნაბიჯებს.


– წერდი, რომ ეს სტერეოტიპების მსხვრევაა – რა არის შენი მიზანი?
– ზოგი ამას ისე უდგება, როგორც უბრალოდ, სიშიშვლეს. კიდევ კარგი, ამ ეტაპზე შვილები არ მყავს, თორემ, ალბათ, უარეს კომენტარებს დამიწერდნენ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ამას ესთეტიკურ საქმედ აღიქვამენ. მე სტერეოტიპად მივიჩნევ იმ ფაქტს, რომ ვიღაცას აღიზიანებს, როცა გოგოს ლამაზად ჩაცმულს უყურებს. სიშიშვლე კიდევ სხვაა. ბევრი გოგო იღებს ლამაზ ფოტოს, მაგრამ ეშინიათ მისი გამოქვეყნების და კარგი იქნება თუ ეს დამოკიდებულება შეიცვლება. ამაში სასირცხვილო არაფერია, ყველაფერი განვითარდა და ცოტა წინ გავიხედოთ (იცინის).


– პირადში რას გწერენ ხოლმე?
– პირად მიმოწერაშიც, დაახლოებით, ისე მწერენ, როგორც კომენტარებში – აქაც სტერეოტიპებს ვხვდები. ძირითადად, კაცებისგან მომდის ხოლმე სასწაული მესიჯები. ერთხელ გამოვაქვეყნე კიდეც სახელებისა და გვარების დაუფარავად, როგორ უტაქტოდ და უხამსად მწერდნენ. ბიჭებზეც არ ვსაუბრობ, ცოლშვილიან კაცებს ვგულისხმობ. ასეთ ადამიანებს საერთოდ არ ვპასუხობ.


– ფიქრობენ, რომ თუ სოციალურ ქსელში თამამ ფოტოს დადებ, შენთან ყველაფრის მიღწევა ადვილია?
– კი და ძირითადად ერთსა და იმავე ფრაზას იყინებენ „ძალიან თამამი გოგო ხარ“, ამაზე უკვე მეცინება. რატომღაც თვლიან, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი თუ როგორაა, არ ვიცი. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი უფრო რთულადაა – აქ გვერდს ვერ აუვლი მსგავს მომენტებს და ვერც დააიგნორებ, მაგრამ ამ მხრივაც ბევრი ვისწავლე. სხვათა შორის, უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავს, ვიდრე გოგო და მათ ჩემდამი მეგობრულ დამოკიდებულებაზე თავს დავდებ. ვაღიარებ, რომ ჩემთან მეგობრობა უფრო კარგია, ვიდრე პირადი ურთიერთობა. იმიტომ, რომ საშინელი ხასიათი მაქვს, რის გამოც ვარ მარტო ამდენი ხანი (იცინის).

უტაქტო შეტყობინებების გარდა, რეალურ ცხოვრებაში, არ მქონია შემთხვევა, ვინმეს უხამსად მოემართა და ამის დამსახურებაცაა, რომ სოციალურ ქსელში ვაგრძელებ საქმიანობას. ფაქტის წინაშე რომ დავმდგარიყავი, შეიძლება, დავფიქრებულიყავი. მარტივი არაა, როცა ვიღაც შეურაცხყოფას გაყენებს. თავს ვერ დავდებ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, თუმცა, მსგავსს არაფერს ვაკეთებ და ვინც რეალურად მიცნობს, მგონია, რომ ასეთ რამეს არ მაკადრებს. არ ვიძლევი საბაბს, რომ ვინმემ შეურაცხყოფა მომაყენოს.