"გვესმოდა, რომ ცუდი ქალი ვარ, უნიჭო მომღერალი და ა.შ. ამაზე მაშინ ღმერთსაც კი გაეცინა" - მომღერალი რუსუდან მუმლაძე პირადზე

rusudan mumladze

მომღერალ რუსუდან მუმლაძის ცხოვრება, მას შემდეგ, რაც მან საკუთარ სიყვარულზე ხმამაღლა საუბარი გადაწყვიტა, მითქმა-მოთქმის მთავარი თემა გახდა. 10 წელია, რაც მუსიკოს ზურა ლალიაშვილთან, რომელიც მარინა ბერიძის ყოფილი მეუღლეა ოჯახი შექმნა. რუსუდან მუმლაძე ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– რა წვლილი მიუძღვის პატრიარქს ამ პროცესში? როგორ შეხვდით მას და როგორი იყო მისი შეფასებები?

– 5 წლის ასაკიდან ჩემთვის ყველაზე მადლიანი წლები დაიწყო. სრულიად შემთხვევით მეუფე თადეოზმა პატრიარქს შემახვედრა. მან მკითხა: ხომ არ წავუკითხავდი ლექსს, მე კი ვუმღერე. პატრიარქმა დედაჩემს სთხოვა, ჩემთვის საგალობლები ესწავლებინა და კვირაობით ტაძარში მეგალობა. იმ დღიდან, მისი ლოცვა-კურთხევით, ქადაგების შემდეგ, ტაძრის ამბიონზე ვგალობდი. შობის დღესასწაულზე პატრიარქმა სახალხოდ თქვა: „რუსიკო ბეთლემიდან მოფრენილი ანგელოზია“. ჩემთვის დღემდე დაუვიწყარია ის შეგრძნება. უწმინდესთან დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მას ხშირად ვსტუმრობთ. მისი სითბო და მადლი მთელი ცხოვრება გამყვება.

– ოჯახის შექმნასა და დედობასთან ერთადაც ახერხებდით შემოქმედებითად აქტიურობას?

– გარკვეული პერიოდი არც თუ ისე ხშირად ვჩანდი, რაც არაერთმა ფაქტორმა გამოიწვია. 90-იანი წლები იდგა. დავოჯახდი და შვილი მყავდა გასაზრდელი. თან, კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მოგვიანებით, სიტუაცია შეიცვალა. მოხდა ისე, რომ საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღება მომიწია. განებივრებული ბავშვობის შემდეგ ეს ნამდვილად არ იყო ჩემთვის ადვილი. 

– როცა თქვენს სიყვარულზე ხმამაღლა ისაუბრეთ, თქვენი მისამართით უარყოფითი ტალღა წამოვიდა, როგორ გაუმკლავდით? როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანი იყო ეს ყველაფერი?

– არის ასეთი გამოთქმა: „ენას ძვალი არა აქვს“, ამიტომ მითქმა-მოთქმას ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ და არც გვაღელვებს. ასე რომ, ავი თვალი ვერას დაგვაკლებს! პირად თემებზე ათი წლის შემდეგ პირველად ვისაუბრე საჯაროდ. ამას წინაპირობა ჰქონდა. ამ წლების განმავლობაში, კულუარებში მოტრიალე ჭორ-მართალმა, ასევე, ინტერვიუებიდან და ტელევიზიიდან გვესმოდა (გვარს და სახელს არ დავასახელებ, მიხვდებით ვისგანაც) რომ მე ცუდი ქალი ვარ, უნიჭო მომღერალი და მუსიკოსი ხომ ვარ და ვარ და ასე შემდეგ. ამაზე მაშინ ღმერთსაც კი გაეცინა და მგონი, მთქმელსაც. ნუ, მერე კი „გავხდი“ ახალგაზრდა და ლამაზი, მაგრამ... 

სხვა სიახლეები