თეა ახვლედიანმა და ლაშა დარსალიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესი ორივე განზომილების – საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ასევე შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.

„სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და სამომავლო ხედვებზე, რაც ერთი მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვას, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და უკეთესი მომავლის პერსპექტივების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ – ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. სწორედ ამას ემსახურება ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს დაეყრდნობა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს და გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ ურთულეს მდგომარეობაზე, მის გავლენაზე გლობალურ და რეგიონულ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის ფარგლებში“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.