1728846029
„ბებიაჩემი „სვეტსკი“ იყო, ტიტყნაობა ეზარებოდა და გოზინაყსაც სწრაფად ამზადებდა“ - გურამ ბაღდოშვილის გოზინაყი სოცქსელებს იპყრობს
წელს საახალწლო სუფრის ჰიტი შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილის გოზინაყი იყო. სოციალურ ქსელში ზიარდებოდა მისი რეცეპტი, იყო ქება-დიდება და მომზადებული გოზინაყების ფოტოების ფეისბუქ-ფენა.
სხვათა შორის, ფერხულს არც მე გამოვთიშულვარ და ეს ორი სახეობის თაფლის გოზინაყი, სრულებით "კნატუნა" და გემრილი აღმოჩნდა.
შეფმზარეული ძველით საახალწლოდ "პრაიმტაიმის" მკითხველს თავის განწყობას უზიარებს.
გურამ ბაღდოშვილი: - წელს არ ვიცი, მაგრამ ჩემმა გოზინაყმა შარშან კი ნამდვილად დაიმკვიდრა ადგილი და ბუმი ატეხა. მარტივია და სწრაფად მზადდება. შარშან უფრო მეტმა წაიღო რეცეპტი და დაამზადა.
- წელსაც. სოციალური ქსელი აჭრელებული იყო. თქვენი ფეისბუქგვერდის ლინკები მხვდებოდა სულ.
- ეგ არ ვიცი. რეცეპტი ჩემი გურული ბებიისგან მაქვს. დრო არ ჰქონდა და სწრაფად ამზადებდა ყველაფერს. ძალიან "სვეტსკი" იყო, ტიტყნაობა ეზარებოდა და გოზინაყსაც სწრაფად ამზადებდა.
ჭამა ბავშვობაში უფრო მიყვარდა. ახლა ბევრს რომ ვაკეთებ, ტკბილს ნაკლებად ვჭამ. საერთოდ, ყველაფერს შემცირებულად ვჭამ. წინათ უფრო მეტს გეახლებოდით. ახლა უფრო ეგზოტიკურ რამეებს და მცირე რაოდენობით მივირთმევ. ასაკი და წონა, ხომ იცით.
საცივის რეცეპტის გამო გამლანძღეს, ეგ საცივი კი არა ხარჩოაო. მომავალ წელს საცივი გაპიარდება. დაიწყებენ გაკეთებას, გასინჯავენ, მოეწონებათ და ოოო... აგერ ნახეთ.
სხვათა შორის, შარშან გოზინაყის ამ რეცეპტის გამო გამლანძღეს, ბებიაჩემი ორი დღე აკეთებდა გოზინაყს და ბაღდოშვილმა 15 წუთში როგორ გააკეთაო?
აბა, ძველით ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწარით.