ბავშვობის სიყვარული და მძიმე დიაგნოზი - ლიონელ მესის გზა წარმატებისკენ

mesi

ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინა გახდა. ლიონელ მესის ოცნება ახდა - ის მსოფლიო ჩემპიონია.
 
„ამაზე იმდენჯერ ვოცნებობდი, იმდენად მინდოდა, რომ ჯერ კიდევ არ მჯერა. ყველაფერს მივაღწიე და რაც მაკლდა, ისიც აქ არის! ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ! ეს საოცარი მომენტია! ძალიან მინდოდა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ღმერთი ამ თასს მომცემდა. ერთი სული მაქვს არგენტინაში ჩავიდე და საკუთარი თვალით ვნახო იქ რა ხდება“,- განაცხადა მატჩის შემდეგ ლიონემ მესიმ. 
 
მესის თქმით, ეს მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ყოფილიყო. თუმცა, როგორც მატჩის შემდეგ განაცხადა, ის არგენტინის ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ აპირებს.

„ამ ტიტულით მინდოდა კარიერის დასრულება. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი მომცა. მიყვარს ფეხბურთი. მსიამოვნებს ნაკრებში ყოფნა და კიდევ მინდა, რამდენიმე თამაში მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ჩავატარო",- აღნიშნა ფეხბურთელმა.

ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ 5 წლისამ დაიწყო. მორცხვი ბიჭუნა, რომელიც ხშირად სხვებთან ლაპარაკს გაურბოდა, ბურთის დანახვისას უზომოდ ბედნიერი და თავისუფალი ხდებოდა. თუმცა, წლების წინ ლას-ერასის საჯარო სკოლისკენ მიმავალი პატარი მესი ვერც კი  წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა და სკოლის გვერდით მდგარი საფეხბურთო მოედნები მისი პორტრეტებით იქნებოდა სავსე. 

„მახსოვს პირველად ბურთი რომ მაჩუქეს როგორი ბედნიერი ვიყავი. მას მერე, ყოველ ახალ წელსა თუ დაბადების დღეზე ერთი სურვილი მქონდა - ჩემთვის ფეხბურთის ბურთი ეჩუქებინათ. მე მათ ვაგროვებდი და ვუფრთხილდებოდი. რაღაც დროის შემდეგ, მათთან საუბარიც კი დავიწყე“,- იხსენებს მესი.


 
მესის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ბებია იყო. სელია ოლივერას სჯეროდა, რომ მისი შვილიშვილი ერთხელაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას  სამუდამოდ შეცვლიდა. 

 „ფეხბურთის მატჩზე ვიყავით და თამაშს ვუყურებდით, როდესაც გუნდს მოთამაშე დასჭირდა. ბებიაჩემი მივიდა მწვრთნელთან და ურჩია -  მოედანზე მესი  შეიყვანეთო. თავიდან მწვრთნელი წინააღმდეგი იყო, რადგან ასაკით ძალიან პატარა ვიყავი. მაგრამ ბოლოს დაგვთანხმდა - კარგად ვითამაშე. მატჩის შემდეგ ბებიაჩემმა მწვრთნელს უთხრა - „ბუცები უყიდე, შემდეგი კვირიდან ფეხბურთზე შემომყავსო. ასე დაიწყო ყველაფერი.“,- ამბობს ფეხბურთელი.
 
მესი 11 წლის იყო, როდესაც ბებია გარდაიცვალა. მას შემდეგ ყოველი გატანილი გოლის შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთებული ცისკენ ორ თითს აღმართავს და  წარმატებას ბებიას უძღვნის. 
 
მესიზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ისიც წინ მიიწევდა და ყოველ ჯერზე ახალ რეკორდებს ამყარებდა. თუმცა, ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. არგენტინელ ფეხბურთელს ექიმებმა ზრდის ჰორმონის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს.  ეს იმას ნიშნავდა, რომ სამედიცინო ინტერვენციის გარეშე, ის ფიზიკურად ვერ განვითარდებოდა. თერაპიას სოლიდური თანხები სჭირდებოდა, რისი შესაძლებლობაც ლიონელ მესის ოჯახს არ ჰქონდა. პატარა ფეხბურთელის მონდომება და ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენია „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს. მესის თამაშის ნახვის შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა და მისი მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. 
 
კარიერის უმეტესი წლები - ლიონელ მესიმ სწორედ მშობლიურ კლუბში თამაშობდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა „ბარსელონა“ 2021 წელს დატოვა. 

წარმატებული კარიერისა და მსოფლიო ჩემპიონობის პარალელურად, ლიონელ მესი საუკეთესო ქმარი და მამაა. ანტონელა როკუზოსა და ლიონელ მესის სიყვარულის ისტორია ქალაქ როსარიოდან იწყება და  ათწლეულებს ითვლის.  არგენტინელ ფეხბურთელს ანტონელა პირველივე დანახვისთანავე შეუყვარდა. მაშინ ლიონელ მესი მხოლოდ 9 წლის იყო. 

 ანტონელასთან პირველი განშორება მესის მაშინ მოუწია, როდესაც ზრდის ჰორმონის უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. არგენტინელ ფეხბურთელს  სამკურნალოდ მშობლიური ქალაქიდან წასვლა მოუწია. მაშინ ორივეს ეგონა, რომ მათი სიყვარული  მხოლოდ ბავშვური გატაცება იყო და მალე დასრულდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მესი და ანტონელა მიხვდნენ, რომ ერთმანეთის დავიწყებას ვერ ახერხებდნენ.  

წყვილის გზები კიდევ ერთხელ მაშინ გადაიკვეთა, როდესაც ანტონელას საუკეთესო მეგობარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ამბის გაგებიდან მალევე მესიმ საყვარელ ქალს, არგენტინაში ჩააკითხა. მას შემდეგ, ანტონელა და ლიონელ მესი ერთად არიან: „აღფრთოვანებული ვარ ანტონელათი, მე ის ძალიან მიყვარს. მასში საუკეთესო თვისებებია თავმოყრილი. ჩემი ცოლი ყოველთვის გვერდში მიდგას. ჩვენ 3 არაჩვეულებრივი შვილი გვყავს. მამობამ ძალიან შემცვალა. მათ დაბადებამდე ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ფეხბურთი არსებობდა, ახლა კი სამყაროს ცენტრი ჩემთვის შვილები არიან".

დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონი და უამრავი ადამიანისთვის მისაბაძი ფეხბურთელი, საზოგადოებას ურჩევს, სურვილების ასრულებისკენ სწრაფვა არასდროს შეწყვიტონ, რადგან  სჯერა, რომ ერთ დღესაც ყველა ოცნება რეალობად აუცილებლად იქცევა: „ყოველ დღე, ყოველ წამს უნდა იბრძოლო შენი ოცნებებისთვის. ძალიან, ძალიან ბევრი უნდა იშრომო და თუ საჭირო იქნება მსხვერპლიც უნდა გაიღო. წლები დამჭირდა იმისთვის, რომ ვყოფილიყავი ის, რაც ახლა ვარ“.