აშშ-ში ქალი, რომელიც შეცდომით გარდაცვლილი ეგონათ, დამკრძალავ ბიუროში ცოცხალი აღმოჩნდა

გარდაცვლილი

აშშ-ში ქალი, რომელიც შეცდომით გარდაცვლილი ეგონათ, დამკრძალავ ბიუროში ცოცხალი აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, აიოვას შტატის სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა 66 წლის ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პაციენტი ცოცხალი იყო. „გარდაცვლილი" ქალი დამკრძალავ ბიუროში გადაიყვანეს, სადაც შენიშნეს, რომ მისი მკერდი მოძრაობდა, რადგან 66 წლის პაციენტი სუნთქავდა.

დოკუმენტების მიხედვით, 66 წლის ქალი საავადმყოფოში 20 დეკემბერს მიიყვანეს ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ქალის სამედიცინო ისტორიაში წერია, რომ 3 იანვარს, დილის 6 საათზე, პაციენტს პირი ღია ჰქონდა, თვალები დახუჭული, ხოლო მისი სუნთქვა აღარ ისმოდა. ექიმმა მას პულსი შეუმოწმა, შემდეგ კი მუცელზე ხელი დაადო და ვერანაირი მოძრაობა ვერ შენიშნა, რის შემდეგაც 66 წლის ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს.

საავადმყოფო ქალის ოჯახს დაუკავშირდა და მისი გარდაცვალების შესახებ აცნობა, შემდეგ კი „მიცვალებული" დამკრძალავ ბიუროში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დოკუმენტიდან ვიგებთ, დაახლოებით დილით 8 საათზე დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელმა შენიშნა, რომ 66 წლის ქალი სუნთქავდა და დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 66 წლის ქალი საავადმყოფოში დააბრუნეს. ჩანაწერების მიხედვით, ის სუნთქავდა, თუმცა არაფერზე არ რეაგირებდა. პაციენტი 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა, მთელი ეს დრო კი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. აიოვას იმ საავადმყოფოს, რომლის ექიმმაც 66 წლის ქალი შეცდომით გარდაცვლილად გამოაცხადა, 10 ათასი დოლარით დაჯარიმება ემუქრება.