არიანა გრანდეს თქმით, მერაია ქერი მისი ცხოვრების დედოფალია

არიანა და მერაია

არიანა გრანდეს სიმღერა yes and? 2024 წლის იანვარში გამოვიდა და მალევე იმდენად პოპულარული გახდა, რომ თებერვალში  ბილბორდ 100-ის სათავეში მოექცა. პარალელურად არიანამ სინგლის რემიქსი მერაია ქერისთან ერთად ჩაწერა. ცოტა ხნის წინ პოპვარსკვლავმა Vanity Fair-ის შოუში „ტყუილის დეტექტორი” მიიღო მონაწილეობა, სადაც მერაია ქერიზე აღფრთოვანებით საუბრობს. მერაიამ არიანას რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამ სთორიში უპასუხა: „მიყვარხარ @arianagrande.” მერაიამ არიანა გრანდეს ფილმ  Wicked-ის ეპიზოდიც გააზიარა და დაამატა, რომ ფილმის გამოსვლას მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, რომ ფილმი Wicked კინოეკრანებზე 22 ნოემბერს გამოვა.

„ტყუილის დეტექტორში” წამყვანი არიანას სთხოვს, დაასახელოს საყვარელი მომღერალი, ვისთანაც ოდესმე უთანამშრომლია, რაზეც არიანა პასუხობს: „მერაია ქერი ჩემი ცხოვრების დედოფალია. ვფიქრობ, სწორედ ის უნდა დავასახელო, რადგან ჩვენი თანამშრომლობა უნიკალური რამ იყო. მისი ცოცხლად მოსმენა და მასთან თანამშრომლობა საუკეთესო რამ იყო, რაც ჩემს ცხოვრებაში ოდესმე მომხდარა. რა თქმა უნდა, მერაია ქერის ვასახელებ.” – ამბობს არიანა გრანდე.

მერაია ქერი ერთ-ერთი ის მომღერალია, ვისთანაც არიანა გრანდემ ალბომ  Eternal Sunshine-ის ფარგლებში ითანამშრომლა.  ივნისში სიმღერა The Boy Is Mine-ის რემიქსისთვის მას  Brandy და Monica შეუერთდნენ. მარტში Supernatural-ის განახლებული ვერსია კი არიანამ ტროი სივანთან ერთად ჩაწერა.

არიანა გრანდემ 1 ოქტომბერს ალბომ Eternal Sunshine-ის რემიქსი გამოსცა,  LP-ში შვიდი ახალი, ცოცხლად შესრულებული სიმღერაც შედის, რომელთა მუსიკალური ჩანაწერებიც მომღერლის Youtube არხზე გამოქვეყნდა.

მერაია ქერი კი ყოველწლიური საშობაო ღონისძიებისთვის ემზადება, რომელიც 2024 წლის კიდევ ერთ სადღესასწაულო ტურნეს მოიცავს.

გასულ კვირას American Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე  გამოცემა Entertainment Tonight-ს მერაია ქერიმ განუცხადა: „ყველაფერი კარგად მიდის, ახლახან დავასრულეთ მუშაობა ჩემს „სეტლისტზე” მთლიანი სცენის მოწყობაზე, კოსტიუმებზე და მოცეკვავეებზე.”