,,არიან ადამიანები, რომლებიც მლანძღავენ და მწყევლიან, თუმცა საბედნიეროდ, უმეტესობას ვუყვარვარ...“ - ანი ყიფშიძე

ანი ყიფშიძე

ანი ყიფშიძე „პრაიმ ჰაუსის“ აქტიური მაყურებლისთვის დღემდე ერთ-ერთი საყვარელი მონაწილეა. პირველი სეზონის ფინალისტი გამვლელების ყურადღებასა და სიყვარულს უანგაროდ იღებს, თუმცა ცნობადობას მის ბუნებრიობაზე გავლენა არ მოუხდენია.

„ჩემ ცხოვრებაში „პრაიმ ჰაუსმა“ცნობადობის დონე შეცვალა, მაგრამ პიროვნულად ისევ ის ანი ყიფშიძე ვარ, ვინც ვიყავი. ამბობენ, ,,ამ გოგოს თავი მონიკა ბელუჩი ჰგონიაო". არა! მე არ შევცვლილვარ. 
ყველა მცნობს, ყველას ვუყვარვარ. მეფერებიან და მეხუტებიან. ჩემი შვილი ჩემით ძალიან ამაყობს. მის მასწავლებლებსა და მეგობრებსაც ძალიან ვუყვარვარ. მაგრამ პარალელურად არიან ადამიანები, რომლებიც მლანძღავენ და მწყევლიან, თუმცა, საბედნიეროდ, უმეტესობას ვუყვარვარ“, - გვიყვება ანი. 

„პრაიმტაიმის“ ერთგულ მკითხველს სამომავლო გეგმებსაც უზიარებს და ამბობს, რომ თურქეთში, ერთ-ერთ სერიალში გადასაღებად მიიწვიეს. არსებული ინფორმაციით, ეს მისი პირველი ნაბიჯი იქნება სამსახიობო კარიერაში. 

„თურქეთში ორი წლის განმავლობაში ვსწავლობდი თეატრალურზე, სადაც ჩემი დატოვებული ,,სივი" არქივში ინახებოდა. როცა დასჭირდათ კადრი, დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემნაირი ტიპაჟი სჭირდებდოდათ. რამდენიმე ეტაპი მაქვს გასავლელი და მაისში, უკვე ზუსტად მეცოდინება ყველაფერი. სამსახიობო კარიერაში ეს ჩემი პირველი როლი იქნება, თან უცხო ქვეყანაში და მგონია, რომ წარმატებას მივაღწევ. მანამდეც მქონდა თურქეთიდან შემოთავაზება, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო უარი ვთქვი“, - ამბობს ანი ,,პრაიმტაიმთან".