1745094115
„ორივე თაიას ვუჭერდით მხარს, ამან გაგვაერთიანა...“ - რას ამბობს მერიემ გოგაშვილი „პრაიმ ჰაუსში“ შესვლაზე და მონაწილეებთან დაძაბულ ურთიერთობაზე

„პრაიმ ჰაუსი“ ახალი, საფინალო სეზონით სულ მალე დაგვიბრუნდება. მანამდე, რამდენიმე მონაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. ALL STAR-ში იქნება მერიემ გოგაშვილიც, რომელიც მესამე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო.
რა სიახლეებია მის ცხოვრებაში და როგორ აპირებს პროექტსი გამარჯვებისთვის ბრძოლას, ამის შესახებ ,მერიემმა „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
- ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ALL STAR-ში გიხილავთ, მარტივად მიიღე ეს გადაწყვეტილება?
- გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია, ვყოყმანობდი... ვამბობდი, „პრაიმ ჰაუსმა“ გამხადა ცნობილი, მომცა ხალხის სიყვარული, ეს უკვე მაქვს ცხოვრებაში და რატომღა უნდა შევიდე მეთქი. მაგრამ ესაა ჩემთვის ახალი გამოწვევა, გამოწვევებისთვის კი ყოველთვის მზად ვარ.
- ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხარი, რომ რეალითი შოუს გამო, ოჯახის წევრები ჩამოგშორდნენ, ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ და რას ამბობენ ახალ გადაწყვეტილებაზე?
- დედასთან პროექტის მიმდინარეობისას უკვე გადასარევი ურთიერთობა მქონდა, ახლა დასთანაც კარგად ვარ. ყველა ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, მოსწონთ ეს თუ არა... ყველაფერი კარგად გვაქვს.
რომ გაიგეს ჩემი „პრაიმ ჰაუსში“ ხელახლა შესვლის შესახებ, ისეთი რეაქცია არ ჰქონიათ, როგორც პირველ სეზონში, მაშინ მთელი ამბები იყო... ძალიან მშვიდად მითხრა დედაჩემმა, როგორც საჭიროდ ჩათვლი და გადაწყვეტ, ისე მოიქეცი, შენს გვერდით ვიქნებიო...
- რამდენიმე მონაწილესთან, რომლებიც შენთან ერთად იქნებიან პროექტში, არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გაქვს, როგორ ფიქრობ, დაძაბულობა იქნება?
- ვისთანაც დაძაბული ხარ და გაქვს კონფლიქტი, მათთან ერთ სახლში ცხოვრება რთულია, დისკომფორტს ქმნის. თუმცა, მე, ჩემი მხრიდან დისკომფორტს არავის შევუქმნი, მაქსიმალურად ვეცდები, რომ კონფლიქტი არავისთან მომივიდეს. ადამიანური თვალსაზრისით, ყველას პატივს ვცემ. თუ ვინმე ჩემს წითელ ხაზებს არ გადმოკვეთს, მე სხვისი ხაზების გადაკვეთას არ ვაპირებ. ყველა მონაწილეს პატივს ვცემ, რა და როგორ იქნება, დრო და პროცესი გვაჩვენებს.
- რეალითი შოუს დასრულების შემდეგ, შენ და კრისტი სულ სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით და თითქოს, დაუპირისპირდით კიდეც, რა მოხდა მაშინ და რა ხდება ახლა?
- რატომ აღმოვჩნდით მე და კრისტი სხვადასხვა მხარეს? პირიქით მოხდა. მე თაიას ვუჭერდი მხარს, ერთ-ერთ ლაივზე მანაც ეს ქნა, თქვა, რომ თაია გამარჯვებას იმსახურებდა. ბოლოს, ერთ აზრზე ვიყავით... ორივე თაიას ვუჭერდით მხარს და ქალური სოლიდარობა გვქონდა მის მიმართ. ამან მე და კრისტი უფრო გაგვაერთიანა. დღესდღეობით, მასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს.