პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პერსონალური ტრენერი ნინუსი ტურავა საზოგადოებამ რეალითი შოუ „პრაიმჰაუსიდან“ გაიცნო. ნინის საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი და დღემდე არაერთ პრობლემასთან უწევს გამკლავება. მან ჟურნალ „თბილისელებთან“ გულახდილად ისაუბრა:
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ჩემი მეუღლე დაღუპულია და არა მგონია, ასეთი თემით ვინმეს მანიპულირება შეეძლოს, მაგრამ მე რომ „პრაიმჰაუსში“ ამის შესახებ ვთქვი, ამის შემდეგ დაიწყეს მსგავსი საუბრები. ააფრიალეს ერთ-ერთი გადაცემის ვიდეოები ჩემი მონაწილეობით, რომელიც რამდენიმე წლის წინანდელია. მასში სახალისო თემებზე ვსაუბრობდით და იქ ჩემი ტრაგედია არაფერ შუაში იყო, ამიტომ არაფერი მითქვამს. რეალურად კი, როდესაც ორსულად ვიყავი, ჩემს მეუღლეს, რომელსაც თავის ბიზნესი ჰქონდა, საქართველოში დიდი პრობლემები შეექმნა და საზღვარგარეთ წავიდა. შვილი ისე გავაჩინე, ის ჩვენთან არ იყო, თუმცა იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ყველანაირად გვეხმარებოდა, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობდით და დრო რომ გადიოდა, ურთიერთობა განელდა. თან, როცა იცი, რომ ეს ადამიანი ვერასდროს დაბრუნდება, რთულია. ეს უკვე ნიშნავდა, რომ ჩვენ დაშორებულები ვიყავით, ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ გვყავდა საერთო შვილი და ერთმანეთს პატივს ვცემდით. ის ყველანაირად გვედგა გვერდში მე და ჩემს შვილს. ამ დროს მან გაიგო, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ღვიძლი დაეშალა. ინდოეთში გადანერგვა გაიკეთა და რამდენიმე თვეში დაიღუპა. როგორ შეიძლებოდა მე ეს არ განმეცადა? წერდნენ, თითქოს მოვიტყუე, რადგან იმ გადაცემაში ნათქვამი მქონდა, რომ მეუღლეს დაშორებული ვიყავი, ანუ მისი გარდაცვალება ჩემთვის მტკივნეული აღარ უნდა ყოფილიყო? ეს აფერისტი მატყუარა, თურმე გაშორებული ყოფილა ქმარსო, წერდნენ. ამ ადამიანთან წლები გავატარე, ის ჩემი შვილის მამა იყო და როგორ შეიძლებოდა, არ განმეცადა მისი ტრაგედია?!
- ემოციების გარდა, ფინანსურადაც ამ ადამიანზე იყავი დამოკიდებული და ალბათ, ამ მხრივაც ძალიან შეიცვალა ცხოვრება, არა?
- კი და ესეც აღვნიშნე. მისი დაღუპვის შემდეგ სრულიად მარტო დავრჩი ჩემს შვილთან და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. მანამდე ყველანაირად კარგად ვიყავით და სრულიად მასზე ვიყავი დამოკიდებული. არ ვიცი, რატომ მიიღეს ცუდად და რატომ გამიხდა ეს ასახსნელი. როცა საყრდენი გყავს, როცა ყველაფერი გაქვს და უცებ ყველაფერი ხელიდან გეცლება, ძალიან რთულია. ამის შემდეგ, მთელი შვიდი წელი ვცხოვრობდით ქირით - მე, დედა და ჩემი შვილი. ერთი ადამიანი ვიყავი ყველა პრობლემის წინაშე პასუხისმგებელი და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. უმძიმესი პერიოდი გამოვიარე.
წარმოუდგენელი პრობლემების წინაშე ვიდექი ხოლმე. ხშირად მიფიქრია, მორჩა, აღარაფერი გვეშველება-მეთქი, მაგრამ ღმერთმა არასდროს გამწირა. უცებ სასწაული გამოჩნდებოდა და ყველაფერს ვაგვარებდი. მერე ისევ პრობლემები იწყებოდა, მერე ისევ გამონათება და დღემდე ასე ვარ - ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, თუმცა ძალიან ძლიერი ვარ და ყველაფერს ვუმკლავდები.