"22.02.2022 შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი ან საუკეთესო! ჯერ ეს გააკეთეთ და სურვილების ტექნიკა მერე შეასრულეთ" - ეზოთერიკოსი ლინა გახუტიშვილი

Lina

საქართველოში მცხოვრები ეზოთერიკოსი, ბიოენერგოთერაპევტი, მანდალათერაპევტი ლინა გახუტიშვილი, რომელიც მრავალწლიანი მუშაობის მიუხედავად, პირველ ინტერვიუს სწორედ "პრაიმტაიმს" აძლევს, 22/02/2022-ის საკრალურ მნიშვნელობაზე საუბრობს და ექსკლუზიურად მკითხველებისთვის ამ უიშვიათეს დღეს შესასრულებელ რიტუალებს აცნობს.

ცნობილი ეზოთერიკოსი ამბობს, რომ 22/02/2022 ორი ნაწილისგან შედგება - დღის პირველ ნახევარში ადამიანები ნეგატიური ენერგეტიკისგან უნდა გათავისუფლდნენ, რათა დღის მეორე ნახევარში სამყაროს მისამართით გაშვებული თხოვნა აღსრულდეს.

რა არის სარკისებრური თარიღი 22/02/2022 და რას "ირეკლავს" სამყარო?

 

"მოდის წლის ყველაზე ძლიერი თარიღი, ესაა სარკისებური თარიღი - 22/02/2022, აბსოლუტურად სარკისებური თარიღი იგივე პალინდრომი  ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომელსაც ვერც ყოველწლიურად ვხვდებით და ვერც - ათწლეულებში. ასეთი დღე მხოლოდ 180 წელიწადში ერთხელ მეორდება.

22.02.2022 - ესაა გარდამტეხი მომენტი თითოეული ჩვენგანის ბედისწერაში. სარკისებური თარიღი, რომელიც გაჯერებულია ცვლილებების მძვინვარე ენერგიით, ყოფს სამყაროს ორ ნაწილად - წარსულად და მომავლად. სწორედ ამიტომ ჩემი რეკომენდაციაა, ამ დღისთვის საგანგებოდ მოემზადოთ და ამასთანავე, ფრთხილად იყოთ.

ყველას გეძლევათ შესაძლებლობა, სწორედ ამ დღეს თქვენი წვლილი შეიტანოთ თქვენი მომავალი ცხოვრების მოდელირებაში. იყოს ყველაზე ცუდი ან საუკეთესო, ეს დამოკიდებული იქნება თქვენს ქმედებებსა და ფიქრებზე!თუმცა, ამ თარიღის მაგიურობა მხოლოდ პალინდრომში არ მდგომარეობს. ესაა მთვარის კალენდრის მიხედვით, 22-ე მთვარის დღე, რომელიც სამშაბათ დღეს ემთხვევა ანუ კვირის მე-2 დღეს. გამოდის, რომ ამ დღეს, სახეზე ექვსი კი არა, რვა ორიანი გვექნება.

როგორც იცით, რვა კარმის რიცხვი და უსასრულობის სიმბოლოა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქმედებებსა და სიტყვებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ. ამ დღეს შესაძლებელია  კარმული ვალებისგან გათავისუფლდეთ ან პირიქით - გაზარდოთ.... 

წყვილი ასევე, წონასწორობის სიმბოლოა, რომელშიც სიკეთე და ბოროტება ჰარმონიულად არის გადაჯაჭვული, ჰარმონია და ქაოსი. ამ დღეს შეეცადეთ თავი შეიკავოთ ეჭვიანობისგან, შურისგან, აგრესიისგან, ბრაზისგან, მრისხანე სიტყვებისგან. ვისზეც ნაწყენი ხართ, პატიება სთხოვეთ და მალიერებით დაემშვიდობეთ.

ამ დღეს ცხოვრებისეული ცვლილებების ალბათობა იზრდება. თითოეული ადამიანი მიუახლოვდება თავისი ოცნების ან მიზნის მიღწევას. ენდეთ თქვენს ინტუიციას - ამ დღეს სწორი აზრები და იდეები გაგიჩნდებათ. ბედი ხელს შეგიწყობთ იმ საკითხების გადაჭრაში, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ.
დღის ვექტორი პოზიტიური ცვლილებებისკენ არის მიმართული. ორიანის ვიბრაცია იმდენად ძლიერია, რომ გაელვებული აზრი ან შემთხვევით ნათქვამი სიტყვაც კი შეიძლება ახდეს.

 

როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი ცხოვრების შემდგომი მოდელირება სწორედ 22/02/2022-ში?

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია მომავლის სწორი მოდელირება ანუ გეგმების შემუშავება - რისი მიღება გსურთ და გჭირდებათ. შეგიძლიათ თავისუფლად დაწეროთ ყველაფერი, რაც გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში შესრულებულ ფაქტად იხილოთ, მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენი ოცნებები რაც შეიძლება რეალისტური იყოს. ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ მოგიწევთ მათი განხორციელება. სამყარო მხოლოდ სწორი ადამიანებისა და გარემოებების გაგზავნას აირეკლავს. და ასევე გახსოვდეთ, ამ დღის ოქროს მომენტი - 22:22 საათი - როდესაც ეს დრო დადგება, ხმამაღლა თქვით თქვენი ყველაზე ფარული სურვილიც კი!

და არ დაგავიწყდეთ, სამყაროს მადლობა გადაუხადოთ დახმარებისთვის და შესანიშნავი მოვლენებისთვის, რომლებიც ძალიან მალე დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. გჯეროდეთ სამყაროს ძალისა და სიკეთის და მაშინ, აუცილებლად მიაღწევთ თქვენს ოცნებებს. მარტივი სიტყვები გამოიყენეთ - "გმადლობ სამყაროვ!" ეს საკმარისი იქნება, რომ ბალანსი ენერგიის გაცვლით შეინარჩუნოთ "მიიღეთ და გაეცით რაღაც სანაცვლოდ" თქვენ შეგიძლიათ მადლიერება გაუგზავნოთ სამყაროს. 

 

ტექნიკა თქვენი სურვილების ასრულებისთვის...  

 

22.02.2022 რეკომენდებულია ნებისმიერი ტექნიკის გაკეთება თქვენი სურვილების ასასრულებლად - ყველა მათგანი ძალიან ეფექტური იქნება, თუმცა მე გასწავლით თქვენი სანუკვარი ოცნებების და აუცილებელი საჭიროებების ასასრულებლად ერთ მარტივ, მაგრამ ქმედით ტექნიკას, რომლისთვისაც განსაკუთრებული ნივთები არ დაგჭირდებათ: აიღეთ ფურცელი და წითელი კალამი ან ფლომასტერი და სანთელი.

დაანთეთ სანთელი და ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, მთავარია თავი წარმოიდგინოთ ანუ ვიზუალიზაცია მოახდინოთ, სამყარო როცა დაგასაჩუქრებთ, როგორ იქნებით ამ "საჩუქრით", რას გასცემთ თქვენ ამ ჯილდოს სანაცვლოდ და რას გააკეთებთ ამ საჩუქრის მოსაპოვებლად. ჩემი რჩევაა, ნუ დაწერთ, რომ იშოვოთ მილიონი. ნებისმიერი სურვილი უნდა იყოს რეალისტური.

თუ გჭირდებათ ბარაქა, დაწერეთ, თუმცა იყავით ზომიერები. ეცადეთ, ყველა დეტალი ჩამოწეროთ და განსაზღვრეთ ვადები, რა დრო დაგჭირდებათ კონკრეტული სურვილის ასასრულებლად. არავითარ შემთხვევაში არ დაწეროთ სიტყვა "მინდა" , დაწერეთ მაგალითად: "მე ვარ ბედნიერი", "მე მაქვს სამსახური", "მე ვარ ჯანმრთელი" და ა.შ.

როცა ფურცელზე წითელი კალმით ან ფლომასტერით ჩამოწერთ თქვენს სურვილებს დაკეცეთ და მოათავსეთ თქვენი სურვილისამებრ ჩანთაში, საფულეში ან საწოლში.

 

რა გეკრძალებათ 22/02/2022-ში და რა ტექნიკა უნდა შეასრულოთ, ნეგატივისგან რომ გათავისუფლდეთ? 

 

რაც შეეხება 22/02/2022-ის დღის პირველ ნახევარს, საკმაოდ რთული ასპექტი გვექნება, რომელსაც მთვარე და სატურნი ქმნიან, ამიტომ გირჩევთ საფუძვლიანად დაალაგოთ სახლი, გადაყაროთ გამოუყენებადი ნივთები, მადლიერებით დაასრულოთ ტოქსიკური ურთიერთობები და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენთვის არასასურველი ასპექტები იქნება ეს ვალი, არაჯანსაღი ადამიანები, ავადმყოფობა თუ სხვა რამ, რაც პრობლემას გიქმნით. ამის შემდეგ, დაკეცეთ ეს ფურცელი, დაწვით თეფშზე და ნამწვი მიწაზე მიმოფანტეთ.

მთავარია, დაიმახსოვროთ: არ იყოთ მშობლების, შვილების მიმართ კრიტიკულები, ნუ აუწევთ ტონს. ისაუბრეთ მშვიდად, იზრუნეთ ერთმანეთზე და სიყვარულით დაელოდეთ ხვალინდელი დღის ოქროს საათს, როცა ისრები 22:22 საათს აჩვენებს..." - ამბობს ლინა გახუტიშვილი.