18 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორ შვილს ვზრდიდით, დავშორდით და მიზეზი ღალატია - ელენე ფოჩხუა

ფოჩხუა

მომღერალ ელენე ფოჩხუას ცხოვრებაში არაერთხელ იდგა რთული პერიოდი. ათი წლის წინ მისი ძმის, გიორგი ფოჩხუას გარდაცვალების ამბავმა მთელი საქართველო შეძრა - 25 წლის ნიჭიერი მსახიობი მოკლეს. როგორც მომღერალი ამბობს, ის თავის ძმას სულ ესაუბრება და ახლა, როცა 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახი დაენგრა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ძმის გვერდში დგომა.


ელენე ფოჩხუა: ძალიან ცელქი, აუტანელი, მავნე და გიჟი ბავშვი ვიყავი. სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. ბავშვობიდან მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი, დავიჭერდი დეზოდორს ხელში, ვითომ მიკროფონი იყო, ვმღეროდი და ჩემი ძმა კი გაიძახოდა, მე მსახიობი უნდა გამოვიდეო და იყო ერთი ამბავი სახლში. ბებიას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ რომ გავიზარდე, მიხვდნენ, ჩემგან ექიმი არ დადგებოდა და მხოლოდ მიკროფონის ჭერა და სიმღერა მინდოდა. ასე რომ, მე და გიორგი უფრო ერთი ჭკუის ვიყავით და უფრო ვუგებდით ერთმანეთს.

გიორგის წასვლით ბევრი რამ დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. იმ წუთებში მეგონა, ცხოვრების დასასრული იყო, თუმცა, მაინც გავაგრძელე, ოჯახს ვჭირდებოდი და სხვა გზა არ იყო. დამერწმუნეთ, როცა საშინელებას გაიგებ, თუ იმ წუთას არ გაგისკდა გული, ჩათვალე, ასწლოვანი ხარ. თუმცა, ტრაგედია გცვლის, სხვანაირ ადამიანად გაყალიბებს. მე ყველაზე დიდი გულშემატკივარი დავკარგე და უკვე ათი წელია, მას მხოლოდ ფიქრებში ვესაუბრები. ახლა, როცა რთული პერიოდი მაქვს, ყველაზე მეტად მჭირდება მისი გვერდში დგომა.

– რას გულისხმობ რთულ პერიოდში?

- ოჯახის დანგრევას. სამწუხაროდ, 18 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ორ შვილს ვზრდიდით და ასე მოხდა – დავშორდით და მიზეზი ღალატია. ცოლად მოიყვანა, ხელი მოაწერეს და ერთად ცხოვრობენ. ადრეც გვქონდა ამის გამო კონფლიქტი, დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მერე მეხვეწა და შევრიგდით. თუმცა, ისევ იგივე განმეორდა და წამსვლელი უნდა წავიდეს. სამი თვე ძალიან განვიცდიდი, ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, თუმცა, მადლობა ღმერთს, გადავერთე, ვმუშაობ, საღამოობით რესტორანში ვმღერი, შვილები და მეგობრები გვერდში მიდგანან და ამან გადამატანინა, ეს რთული პერიოდი.

 

წყარო: „თბილისელები“