ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ ორ მატჩს როგორ ჩავატარებთ - გურამ კაშია

კაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ნაკრებში დროში შეზღუდულები ვართ, თუმცა გუშინდელი ვარჯიში ძალიან ნაყოფიერი იყო – ბევრი კარგი რამ შევისწავლეთ. მზადება კარგად მიდის და ხანმოკლე დრო პრობლემად არ გვექცევა.

მახსოვს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან თამაში, სადაც სამი გოლი გავუშვით. ახლა ბევრად უფრო გამოცდილი გუნდი ვართ, საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და ვეცდებით, ქულები ავიღოთ.

რეალისტები უნდა ვიყოთ. ესპანეთს ბევრჯერ ვეთამაშეთ და ძალიან რთული მოწინააღმდეგეა, მასთან ქულების დაგეგმვა თითქმის შეუძლებელია. თურქეთსა და ბულგარეთს რაც შეეხება, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გვინდა, მათთან წარმატებით უნდა ვითამაშოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველ ორ მატჩს როგორ ჩავატარებთ – ეს არის გასვლის ერთადერთი შანსი. ესაა რეალობა“, – განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს – ბულგარეთს. ორივე მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.