1783194884
თორნიკე შენგელია: მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ
ეს არის ჩვენი ხასიათი, ჩვენში დევს, ეს ჩვენი დნმ-ია. მიუხედავად იმისა, რომ 22 ქულას ვაგებდით, არასდროს დაგვიკარგავს რწმენა ჩვენს თავში, ბოლომდე ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ბოლოს ასე დაგვირგვინდა, - განუცხადა თორნიკე შენგელიამ ჟურნალისტებს ესპანეთთან თამაშის შემდეგ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა უფალს, რომ მოვიგეთ თამაში. მარტო არაფერი გამიკეთებია, თუკი დღეს რამე გავაკეთე, ჩემი გუნდელების დახმარებით, მწვრთნელების დახმარებით. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ ჩემი სახელით, მთელი გუნდის სახელით და მიხარია, რომ ასე გავახარეთ ჩვენი გულშემატკივარი“, - განაცხადა შენგელიამ.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა „ჯვაროსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 91:89 დასრულდა. მასპინძლების რიგებში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 45 წუთში 37 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა. ერთ შეხვედრაში დაგროვებული ქულების რაოდენობით შენგელია ეროვნული გუნდის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა და ზაზა ფაჩულიას და მაიკლ დიქსონის მიღწევა გააუმჯობესა.
გუნდმა შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის საგზური უკვე გაინაღდა. მეორე ეტაპის თამაშებს საქართველოს ნაკრები 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალსა და მარტში გამართავს.












