პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლ პოგბამ ტურინში თავისი ხელმეორე კარიერა მხოლოდ ტრავმით არ დაიწყო... ამას დაემატა სკანდალური ოჯახური კონფლიქტი. ამ ისტორიაში მთავარი ფიგურა არა თავად „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, არამედ მისი უფროსი ძმა მატიას პოგბაა, რომელიც საფრანგეთის მეოთხე დივიზიონში თამაშობს. მან სხვადასხვა სოციალურ ქსელში რამდენიმე პუბლიკაცია გააკეთა, სადაც მამხილებელი ინფორმაციის გამჟღავნება დააანონსა – პოლ პოგბას, მისი აგენტისა და კილიან მბაპეს შესახებ.
გამოცემა France Info-ის მონაცემებით, კონფლიქტი სწორედ საქველმოქმედო საღამოს შემდეგ დაიწყო. და ამ კონფლიქტის დეტალები გასაოცარია.
მუქარების ისტორია მარტში დაიწყო. France TV Info-ს ინფორმაციით, პოლ პოგბა რამდენიმე ავტომატიანმა მამაკაცმა (მათ შორის ფეხბურთელის მეგობრებიც იყვნენ) ბინაში შეიტყუა. პოლი იმ დროს მცირეხნიანი შვებულებით პარიზში იმყოფებოდა. ფეხბურთელის სიტყვებით, ბანდამ მას 13 მილიონი მოსთხოვა – ეს უნდა ყოფილიყო ანაზღაურება იმ საიდუმლო დაცვისთვის, რომელსაც პოგბას უწევდნენ ბოლო 13 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, პოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ყოველ შემთხვევაში, ის ასე აცხადებს. თავად შეიარაღებული ადამიანების ვერსიით, ადრე პოგბა ფინანსურად ეხმარებოდა ბავშვობის მეგობრებს და მათთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა მას შემდეგ, რაც პროფესიულ დონეზე დაიწყო გამოსვლა.
როგორ გაჩნდა ამ ისტორიაში მატიას პოგბა? ეს უკვე ტურინში მოხდა. მუქარები უმცროსი პოგბას მისამართით გრძელდებოდა. კერძოდ, მან იგივე ჯგუფი „იუვენტუსის“ ბაზასთან შენიშნა. ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ ამ ისტორიაში მისი ძმაც არის გარეული. პოლმა მაშინ პირველად მიმართა კლუბს და დაიწყო მომხდარის გამოძიება.
ხოლო, მას შემდეგ, რაც მატიასი დაიმუქრა სენსაციური მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით, უკვე პოლიციას ფეხბურთელის დედამ და აგენტმა მიმართეს. ასე რომ, ახლა გამოძიება იტალიაშიც მიმდინარეობს და ინგლისშიც.
„ჩემი უმცროსი ძმა, როგორც იქნა, თავისი ნამდვილი სახის გამომჟღავნებას იწყებს. სწორედ მან დაიწყო პოლიციისთვის ტყუილის თქმა. თქვენ არ შეგიძლიათ ყველაფერში ჩემი დადანაშაულება. პაველ (სავარაუდოდ, მიმართავს „იუვენტუსის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს პაველ ნედვედს), თქვენ მართლაც გინდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი, ან ტყუილი მეთქვა და ციხეში წავსულიყავი. მე ამას ვეჭვობდი. ფაქტების ჩემეულ ვერსიას ჰქონდა ადგილი და თქვენგან განსხვავებით, საკმარისი მტკიცებულება მაქვს, რათა ჩემი სიტყვები დავამტკიცო და თქვენი ტყუილი გამოვააშკარავო.
თუმცა, მთავარი, რაც საზოგადოებამ ვერ გაიგო არის ის, თუ რა როლი აქვს ამ ისტორიაში კილიან მბაპეს. და რა ინფორმაციის გამომზეურება სურს პოგბას ძმას? France Info-ს მონაცემებით, თურმე პოლი შამანების დახმარებით მბაპეს დაწყევლას ცდილობდა.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, უმცროსმა პოგბამ, შესაძლოა, დაკარგოს ადგილი საფრანგეთის ნაკრებში, რათა არ გაფუჭდეს ატმოსფერო ეროვნულ გუნდში მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. მბაპე და მისი გარემოცვა თვალს ადევნებს ამ საქმეს და თუ მატიასის ნათქვამი სიმართლე აღმოჩნდება, ამან შეიძლება საფრანგეთის ნაკრების ორ ლიდერს შორის ურთიერთობა გააფუჭოს.