საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულების გუნდს შეხვდება

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს გამართავს – ვილი სანიოლსი გუნდი 5 ივნისს ფარერის კუნძულებს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება – ინფორმაციას ფარერების ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს, თუმცა, ქართული მხარე ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს.

ეს იქნება ფიფა-ს სანაკრებო ფანჯარაში (2-10 ივნისი) „ჯვაროსნების“ ის შეხვედრა, რომლითაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებითვის მოემზადება, ვილი სანიოლი კი ახალი მოთამაშეების გამოცდას და გუნდის შეთამაშებას შეეცდება.

საქართველოს ნაკრები ფარერების გუნდს აქამდე ორჯერ ეთამაშა – „ჯვაროსნება“ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კუნძულელები სტუმრად 6:0 დაამარცხეს, თბილისში კი 3:1 სძლიეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ესპანეთი და ბულგარეთი იქნებიან. ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევ ეტაპს 4 სექტემბერს თბილისში თურქეთთან მატჩით დაიწყებს.