ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ - „ეხო კავკაზა“

ირაკლი ბებუა

2020 წლის სექტემბერში ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელსაც ე.წ. სასამართლომ 2020 წლის დეკემბერში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვადაზე ადრე, მიმდინარე წლის 30 მარტს გათავისუფლდება. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუამ 2020 წლის სექტემბერში აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო სამსახური ამბობდა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.

ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სხვისი ქონების დაზიანებასა და "სახელმწიფო სიმბოლიკის" შეურაცხყოფას ედავებოდა, რის გამოც ბებუა 2020 წლის 7 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ "სისხლის სამართლის დანაშაულში" დამნაშავედ "ცნო" და უკანონოდ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.