1692302192
რვა თვეზე მეტი გამიცდა, მაგრამ პოლონეთთან გამოჩნდა, რომ სათამაშოდ მზად ვარ - საბა საზონოვი

პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ევრო 2025-ის პირველი შეხვედრის (2:1) მოგების შემდეგ კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა, საბა საზონოვმა გააკეთა.
ფეხბურთელმა „ემპოლის“ ერთ-ერთი ვარჯიშისას გასული სეზონის დასაწყისში ტრავმა მიიღო და სეზონის მანძილზე არცერთი წუთი უთამაშია. ის მოედანზე რუმინეთთან 4 ივნისს ჩატარებული ამხანაგური თამაშისას დაბრუნდა, ხოლო პოლონეთთან მატჩი მისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო რვათვიანი პაუზის შემდეგ.
„ეს ჩემთვის ტრავმის შემდეგ მეორე შეხვედრა იყო – რუმინეთთან 45 წუთი ვითამაშე, პოლონეთთან კი სრულად – 90 წუთი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე შემიძლია მოედანზე გასვლა.
რვა თვეზე ოდნავ მეტი გამიცდა, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა. ეს რთული პერიოდი იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რომ სათანადო ფორმაში ვყოფილიყავი. პოლონეთთან შეხვედრამ კი აჩვენა, რომ სათამაშოდ ნამდვილად მზად ვარ.
ხარატიშვილის სეივები სტიმული იყო? ის შესანიშნავი მეკარეა, ძალიან მომწონს. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ზოგადად, გუნდში ასეთი დადებითი ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია. მას ვენდობით და მისი იმედი გვაქვს.
მიხარია, რომ ასეთი გულშემატკივრები გვყავს – ისინი საუკეთესოები არიან. რეაბილიტაციის პერიოდში მუდმივად მწერდნენ და მამხნევებდნენ, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მიხარია, რომ დღეს ისინი გავახარეთ“, – აღნიშნა საბა საზონოვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ივნისს საფრანგეთთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.