1792926416
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ვიცე-ჩემპიონია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ვიცე-ჩემპიონია. ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერთან, რუს დანიილ მედვედევთან სამ სეტში – 7:6 (8:6), 1:6, 3:6 დამარცხდა.
ბასილაშვილი პირველ სეტში საკუთარ ჩაწოდებაზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ხოლო ტაიბრეიქზე შესანიშნავი თამაშის წყალობით შეხვედრაში დაწინაურდა, თუმცა მეორე და მესამე სეტი მეტოქემ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალმათის ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ორი შეხვედრა მოიგო, ხოლო ძირითად ეტაპზე ოთხ მატჩში გაიმარჯვა.
ქართველი ჩოგბურთელი 2022 წლის შემდეგ პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში – მან 165 სარეიტინგო ქულა და 96 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მოპოვებული ქულებით ის მსოფლიო რეიტინგის ასეულში შევა.
მომავალ კვირაში ბასილაშვილი ვენის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.












