„მსგავსი ნიჭის ფეხბურთელი 50 წელში ერთხელ იბადება, მაგრამ მისი ძმა უფრო ნიჭიერია“ - La Repubblica-ს რეპორტაჟი

კვარა

გავლენიანი იტალიური გამოცემა, La Repubblica საქართველოში იმყოფებოდა და ხვიჩა კვარაცხელიას სამშობლოზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა.

გამოცემის ჟურნალისტები თბილისის „დინამოს“ აკადემიას ეწვივნენ და ის ადგილი მოინახულეს, სადაც ხვიჩამ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგა. La Repubblica-ს წარმომადგნელები „დინამოს“ აკადემიაში ხვიჩა კვარაცხელიას პირველ მწვრთნელს, ლადო კაკაშვილსაც გაესაუბრნენ.

რა თქვა კაკაშვილმა La Repubblica-სთან:

„თავში სულ დრიბლინგი უტრიალებდა, ეს მისთვის პატარა აკვიატება იყო. თუმცა, ეს მისთვის არასდროს დაგვიშლია. არ გვითქვამს გაჩერებულიყო და რაღაც ჩარჩოში მოქცეულიყო. 13 წლის ასაკში მარჯვენა მცველადაც თამაშობდა, გვინდოდა მისთვის მცველების მოძრაობები გვესწავლებინა. ახლა, „ნაპოლის“ ყველა თამაშს ვუყურებ და კვარა ყოველთვის ისეთ ბიჭად გვევლინება, როგორიც ჩვენ გავზარდეთ.“

ჟურნალისტები ხვიჩა კვარაცხელიას პირველ სკაუტს, თემურ უგრეხელიძესაც ესაუბრნენ:

„დინამოს“ აკადემიაში ლუკოილის თასს ვინახავთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პირველი ტიტულია. ეს მან თურქეთში, 2013 წელს შეძლო. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ასეთი ნიჭის ფეხბურთელი 50 წელიწადში ერთხელ იბადება, მაგრამ მისი ძმა, თორნიკე უფრო ნიჭიერია. მგონია, რომ ის უფრო შორს წავა.

გამოცემის ვებ-გვერდზე თბილისის „დინამოს“ აკადემიის ხელმძღვანელის, ანდრეს კარასკოს კომენტარიც ვრცელდება:

„კვარა ნამდვილი ქართველია. არ განიცდის როდესაც ყველაფერი კარგად არ მისდის და არ ფიქრობს იმაზე, თუ რას გამოიწვევს შეცდომა. ის ანარქისტი და ხელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან კვარამ ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი იტალიის სერია A-ში მომდევნო შეხვედრას ხვალ, საქართველოს დროით 23:45 საათზე „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს.