1732218408
იტალიაში, კვარაცხელიას სახელობის პიროტექნიკა, „კვარა ბომბი“ შექმნეს
ფოიერვერკებთან დაკავშირებით არსებული აკრძალვების მიუხედავად, არიან ადამიანები, რომლებიც ახალი წლის დღეებში რაც შეიძლება მძლავრი ასაფეთქებლების გამოყენებას ცდილობენ.
ნეაპოლის პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა „კვარა ბომბი“, რომელიც შედგება 500 გრამი სუფთა აკრძალული ფეთქებადი ნარევისგან.
ბოლო 1 კვირაში, არალეგალური პიროტექნიკის გაყიდვის საქმეზე ემილია-რომანიას რეგიონში სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს.
კარაბინიერები აფრთხილებენ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომ „ნაპოლის“ ამჟამად ყველაზე პოპულარული ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელობის „ბომბი კვარა" ძალიან საშიშია და სთხოვენ მათ, თავი შეიკავონ მისი გამოყენებისგან.
„ახალი წელია, მშვიდად აღვნიშნოთ. არ გააფუჭო წვეულება“ - ამ ლოზუნგით მიმდინარეობს კარაბინიერთა საინფორმაციო კამპანია.
პრესა კი აღნიშნავს, რომ „ბომბი კვარა“ ბევრად უფრო მძლავრი და, შესაბამისად საშიშია, ვიდრე მისი წინამორბედები: „ბომბი მარადონა“, „ბომბი კარეკა“, „ბომბი ძოლა“, „ბომბი კავანი“ და „ბომბი იგუაინი“.